რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუსეთ-უკრაინის მორიგი მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის შესაძლებლობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების კათოლიკურ ტერიტორიაზე გამართვა "ელეგანტური" გამოსავალი არ იქნება.
"მართლმადიდებელი ქვეყნები, რომლებიც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის საკითხებს კათოლიკურ მიწაზე განიხილავენ - ეს ცოტა არაელეგანტური იქნებოდა". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების დელეგაციების მასპინძლობა მოცემულ პირობებში თავად ვატიკანისთვისაც არ იქნება კომფორტული.
ლავროვმა საუბრისას უკრაინული მხარე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის "განადგურებაშიც" დაადანაშაულა.
მანამდე, 21 მაისს, იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, პაპმა ლეო XIV-მ მზადყოფნა გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ვატიკანში გაიმართოს.
ამის შესახებ იტალიის მთავრობის მიერ 20 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"პაპის მხრიდან მორიგი მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის მზადყოფნის დადასტურების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ღრმა მადლიერება გამოხატა პაპ ლეო XIV-ს მიმართ მშვიდობისკენ მისი განუწყვეტელი სწრაფვის გამო". - ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.





