პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოდან საფრანგეთში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა. პირები ქართული და ფრანგული მხარის თანამშრომლობის შედეგად, შსს-მ საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა
"ექსტრადირებული პირები საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2024 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. ფრანგული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ “ტანტრა იოგის" საფარქვეშ მოქმედი ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა ტრეფიკინგი წარმოადგენდა, ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს სულ მცირე შვიდი პირის საფრანგეთის რესპუბლიკაში გადაყვანაში და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.





