რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

გერმანია აცხადებს, რომ EU რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აშშ-სთან ერთად ამზადებს

19 მაისს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ახალ ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც აშშ-ს მთავრობასთან კოორდინაციით მუშავდება.

კორნელიუსის თქმით, დაგეგმილი სანქციები მოიცავს ზომებს, რომლებიც "ნორდ სტრიმის" გაზსადენების წინააღმდეგაა მიმართული.

"ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს იმ ელემენტებს, რომლებიც ნორდ სტრიმს ეხება" - თქვა კორნელიუსმა. მისივე თქმით, ვაშინგტონის მონაწილეობა შესაძლო სანქციების პაკეტში "ძალიან მნიშვნელოვანი იქნება".

"კანცლერი [ფრიდრიხ] მერცი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავებაზე აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს" - აღნიშნა კორნელიუსმა და დაამატა, რომ ამ სანქციების მიზანი რუსეთის უპირობო და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის იძულებაა.

EU-მ ახალი სანქციები მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში ვლადიმირ პუტინი არ დაესწრო. ახალი სანქციების პაკეტი "ნორდ სტრიმ 1"-სა და "ნორდ სტრიმ 2"-ზე სანქციებს, რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" გემების დამატებით სიაში შეტანას, ნავთობის ფასის დაწევასა და რუსეთის ფინანსურ სექტორზე სანქციებს მოიცავს.

Kiev Independent წერს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებებზე რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის არყოფნა ფართოდ შეფასდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ მოსკოვს არ სურს რეალური მოლაპარაკებები.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ნორდ სტრიმ 2" არასდროს ამოქმედებულა და "ნორდ სტრიმ 1"-ის ფუნქციონირება სავარაუდო დივერსიის შემდეგ 2022 წელს შეწყდა, გაზსადენებზე სანქციებს სიმბოლური მნიშვნელობა ექნება. ამავდროულად, ამ სანქციებით EU რუსული ენერგორესურსების ექსპორტის ევროპაში აღდგენის მომავალ შესაძლო მცდელობებს ხელს შეუშლის.

მანამდე, 14 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 ხომალდს, სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ 30 კომპანიასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პირსა და სუბიექტს შეეხება.

ამავე დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ყურადღება უნდა დაუთმოს ახალი სანქციების პაკეტს, რათა "გაგუდოს" რუსეთის ეკონომიკა და ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდეს, უკრაინაში ომი დაასრულოს.

"ჩვენ დღეს მე-17 სანქციების [პაკეტს] ვიღებთ. უფრო მეტის გაკეთება დაგვჭირდება, რადგან აქამდე სანქციებმა ვერ დაარწმუნა ვლადიმირ პუტინი, რომ არ გააგრძელოს თავისი აგრესიის ომი." - განუცხადა ბარომ BFM TV-ს.

"ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რათა გავაფართოოთ დამანგრეველი სანქციები, რომელსაც შეუძლია, ერთხელ და საბოლოოდ გაგუდოს რუსეთს ეკონომიკა". - დაამატა მან.

კომენტარები