გამოცემა Deutsche Welle ევროკავშირის დაუსახელებელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ EU რუსეთის წინააღმდეგ “ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ” სანქციებს ამზადებს და რუსეთს ერთდროულად სანქციების ოთხ რეჟიმს დაუწესებს.
DW წერს, რომ 20 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე EU რუსეთის წინააღმდეგ მე-17 პაკეტის პარალელურად სამ სხვა სასანქციო რეჟიმსაც გამოაცხადებს: ადამიანის უფლებათა დარღვევის საპასუხოდ, ჰიბრიდული ომის საპასუხოდ და ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, EU 130-ზე მეტ ცალკეულ სანქციას დააწესებს, მათ შორის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისა და მისი ხელშემწყობების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამვრცელებლებისა და რუსეთში მესამე ქვეყნიდან სანქცირებული საქონლის შემტანი პირების წინააღმდეგ.
DW-სთან საუბრისას გამოცემის წყარომ თქვა, რომ სანქციების მე-17 პაკეტის სანქცირებულთა სიას 75 ახალი იურიდიული და ფიზიკური პირი და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 200 ახალი ხომალდი შეემატება. შესაბამისად, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ სასანქციო რეჟიმით სანქცირებულ პირთა რაოდენობა 2500-მდე, ხოლო ხომალდთა რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.
ამასთან, გამოცემის თანახმად, ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით EU სექტორულ სანქციებს დააწესებს და რუსეთში 27 ფიზიკური და იურიდიული პირის წინაააღმდეგ ინდივიდუალურ სანქციებს შემოიღებს, ხოლო ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქცირებულთა სიას რუსეთიდან კიდევ 28 ფიზიკური და იურიდიული პირი მიემატება.
გარდა ამისა, 16 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მზადება უკვე დაიწყო. მისივე თქმით, იგეგმება, რომ ახალი პაკეტით გათვალისწინებული იქნება გაზსადენების, Nord Stream-თან და Nord Stream 2-თან დაკავშირებით შეზღუდვები, ნავთობის ფასის დაწევა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ხომალდების სიის გაზრდა და ასევე რუსეთის ფინანსური სექტორის სანქცირება.
"პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ მანამ, სანამ ის მშვიდობისთვის მზად არ იქნება". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
პარალელურად, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვლადიმირ პუტინი თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე არ ჩასვლისთვის გააკრიტიკა და დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციების მე-17 პაკეტს 20 მაისს მიიღებს.
მანამდე, 14 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 ხომალდს, სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ 30 კომპანიასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პირსა და სუბიექტს შეეხება.
ამავე დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ყურადღება უნდა დაუთმოს ახალი სანქციების პაკეტს, რათა "გაგუდოს" რუსეთის ეკონომიკა და ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდეს, უკრაინაში ომი დაასრულოს.
"ჩვენ დღეს მე-17 სანქციების [პაკეტს] ვიღებთ. უფრო მეტის გაკეთება დაგვჭირდება, რადგან აქამდე სანქციებმა ვერ დაარწმუნა ვლადიმირ პუტინი, რომ არ გააგრძელოს თავისი აგრესიის ომი." - განუცხადა ბარომ BFM TV-ს.
"ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რათა გავაფართოოთ დამანგრეველი სანქციები, რომელსაც შეუძლია, ერთხელ და საბოლოოდ გაგუდოს რუსეთს ეკონომიკა". - დაამატა მან.