რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანიის კანცლერის თქმით, EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 20 მაისს მიიღებს

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვლადიმირ პუტინი თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე არ ჩასვლისთვის გააკრიტიკა და დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციების მე-17 პაკეტს 20 მაისს მიიღებს.

"ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩავიდა უზარმაზარი ჟესტია. პუტინი არ გამოჩენილა - და ამით ის არასწორად მოიქცა. ახალი სანქციების პაკეტი მზადაა. ჩვენ მას ბრიუსელში სამშაბათს [20 მაისს] მივიღებთ." - წერს მერცი X-ზე.

ცნობისთვის, 14 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 ხომალდს, სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ 30 კომპანიასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პირსა და სუბიექტს შეეხება.

ამავე დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ყურადღება უნდა დაუთმოს ახალი სანქციების პაკეტს, რათა "გაგუდოს" რუსეთის ეკონომიკა და ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდეს, უკრაინაში ომი დაასრულოს.

"ჩვენ დღეს მე-17 სანქციების [პაკეტს] ვიღებთ. უფრო მეტის გაკეთება დაგვჭირდება, რადგან აქამდე სანქციებმა ვერ დაარწმუნა ვლადიმირ პუტინი, რომ არ გააგრძელოს თავისი აგრესიის ომი." - განუცხადა ბარომ BFM TV-ს.

"ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რათა გავაფართოოთ დამანგრეველი სანქციები, რომელსაც შეუძლია, ერთხელ და საბოლოოდ გაგუდოს რუსეთს ეკონომიკა". - დაამატა მან.

კომენტარები