რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ერდოღანის თქმით, მზადაა, ზელენსკისა და პუტინს პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის უმასპინძლოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Mustafa Kamaci/Turkish Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უმასპინძლოს, თუკი მათ უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის სურვილი ექნებათ. ერდოღანი აღნიშნული წინადადებით ზელენსკისთან შეხვედრის დროს გამოვიდა. 

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, ერდოღანმა ზელენსკისთან ერთად ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული საკითხები განიხილა, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების გზები. 

ამასთან, შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ომის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით დასრულების მნიშვნელობაზეც. ერდოღანის თქმით, 15 მაისს დაგეგმილი მოლაპარაკებები კიევისა და მოსკოვის დელეგაციებს შორის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 

"სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის არხების ღიაობის შენარჩუნებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობის მყისიერი დამყარება და გამოთქვა მზაობა, რომ უმასპინძლოს ორივე ქვეყნის ლიდერს, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან". - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები 15 მაისის დილას უნდა დაწყებულიყო, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო და ის დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

გასულ დღეს კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი. თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის "დაბალი რანგის" დელეგაციის გაგზავნისთვის გააკრიტიკეს.

ხოლო ანკარაში ჩასვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის დელეგაციას "ბუტაფორიული" უწოდა. "შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს." - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. მარია ზახაროვამ ზელენსკის "კლოუნი" და "ხელმოცარული" უწოდა, ხოლო სერგეი ლავროვის თქმით, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკი "საცოდავი ადამიანია."

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.

კომენტარები