რუსეთის ნოვგოროდის ოლქის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივ მცხოვრებს, გიორგი რეზანკოვს, 1500 რუბლის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა "ექსტრემისტული სიმბოლიკის დემონსტრაციისთვის" დააკისრა, კერძოდ, ბაყაყი პეპეს გამოსახულების გამო.
გიორგი რეზანკოვის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე ორი სურათის გამო აღიძრა, რომლებიც მან 2020 წელს სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში შეინახა.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც უბნის ინსპექტორმა შეადგინა, აღნიშნულ გამოსახულებებზე ჩანს "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის სიმბოლო" - ექვსფერი (ცისარტყელას) დროშა.
ნოვგოროდის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 25 აპრილს მიიღო, ხოლო განაჩენი საკუთარ ვებგვერდზე 15 მაისს გამოაქვეყნა.
სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ ერთ ფოტოზე გამოსახულია "კომიქსებიდან ცნობილი ანთროპომორფული ბაყაყი, რომელსაც თავზე ჩამოცმული აქვს ექვსფერი პარიკი". ხოლო მეორე "ისტორიულ ფოტოზე", კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი არიან აღბეჭდილი, მათ ფონზე კი ცისარტყელას ფერების (ექვსფერი) დროშა ჩანს.
გიორგი რეზანკოვმა სასამართლოს პროცესზე იმის ახსნა მოუწია, რომ ბაყაყი პარიკით არის "კლოუნი პეპეს შესახებ შექმნილი მიმი, რომელიც მოგვიანებით გარკვეული ტიპის ფილოსოფიად ჩამოყალიბდა და მას ლგბტ თემთან არანაირრი კავშირი არ აქვს".
რაც შეეხება ცეტკინისა და ლუქსემბურგის ფოტოს, რეზანკოვის თქმით, ის "ასევე არ წარმოადგენს ლგბტ პროპაგანდას".
მან ასევე განმარტა, რომ ორივე სურათი მაშინ შეინახა, როცა ლგბტ მოძრაობა ჯერ კიდევ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული არ იყო.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში არარსებული "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა" "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა.