14 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 ხომალდს, სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ 30 კომპანიასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პირსა და სუბიექტს შეეხება.
გამოცემის ინფორმაციით, პაკეტის ფარგლებში იგეგმება სამართლებრივი ბერკეტების შექმნა პროპაგანდისტული მედიისა და იმ ხომალდებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც წყალქვეშა კაბელების, აეროპორტებისა თუ სერვერების წინააღმდეგ დივერსიაში მონაწილეობენ.
სანქციები ასევე კრძალავს ევროკავშირში წარმოებული ისეთი ქიმიური ნივთიერებების ექსპორტს, რომლებიც შესაძლოა რაკეტების წარმოებაში გამოიყენონ.
"ტრადიციული სექტორალური და პერსონალური სანქციების პარალელურად, ჩვენ ვაფართოებთ და უფრო აქტიურად ვიყენებთ სხვა ტიპის სანქციებს იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს იქ, სადაც საფრთხეს ვხედავთ ან სადაც არსებული სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ". - აცხადებს წყარო გამოცემასთან საუბარში.
სანქციების ახალ პაკეტს ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ.
მანამდე, 13 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელევიზიაში ინტერვიუს დროს თქვა, რომ ევროკომისია "მომდევნო დღეებში" აშშ-სთან თანამშრომლობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მოამზადებს.
მაკრონის თქმით, სანქციების ახალი პაკეტი შეეხება "ფინანსურ სერვისებსა და ნავთობს, მეორადი გადამყიდველების კუთხით", თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე არ დათანხმდება.





