ტრეფიკინგი

POG: ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით – ტრეფიკინგისთვის პირს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა.  ფსიქოლოგიური ძალადობით, შანტაჟით და მუქარით აიძულებდა დაზარალებულს სექსუალური მომსახურება გაეწია მამაკაცებითვის, გამომუშავებული თანხა კი მისთვის  სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული დაზარალებულს აყენებდა  შეურაცხყოფას,  ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, აშანტაჟებდა და სხვადასხვა კრიმინალური წარსულის მქონე პირებით ემუქრებოდა. იგი მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულს და დადგენილი ოდენობით თანხის ჩარიცხვას  სთხოვდა.  

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (მუქარით, ძალადობით და შანტაჟით ჩადენილი ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მ.ფ. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. 

კომენტარები