რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: პარტნიორებთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა 7 მაისს აშშ-ისა და რიგი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

ოფისმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვუტკოფი და კით კელოგი, საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი, ემანუელ ბონი, დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მრჩეველი, გიუნტერ ზაუტერი მონაწილეობდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერმაკმა ასევე სკანდინავიური და ბალტიის ქვეყნების, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა.

განცხადების მიხედვით, მოლაპარაკებებში მთავარ საკითხს 30-დღიანი უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენდა. ერმაკმა შეხვედრებზე აღნიშნა, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად სრულმასშტაბიანი და უპირობო ზავი პირველი ნაბიჯი და აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს.

პრეზიდენტის ოფისმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეთავაზება 3-დღიანი ზავის შესახებ მოსკოვში 9 მაისს, გამარჯვების დღის აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და არა მშვიდობის მიღწევას.

ასევე, მოლაპარაკებებმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ზეწოლის ბერკეტების გამოყენება მოიცვა იმ შემთხვევაში, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის.

კომენტარები