რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 7 მაისს განაცხადა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლები ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან აპრილის თვეში დაახლოებით 12%-ით დაეცა წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით. სამინისტრომ ეს ყოველივე მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრ ვარდნას დააბრალა.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გასული ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში შემოსავლების დაახლოებით 33%-50% ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებზე მოდიოდა.
ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, აპრილის თვეში ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 1.09 ტრილიონი რუბლი ($13.49 მილიარდი) შეადგინა, რაც ვარდნას წარმოადგენს 2024 წლის აპრილის 1.23 ტრილიონიდან, მიუხედავად იმისია, რომ აპრილის თვეში მარტთან შედარებით შემოსავლებმა მცირედით იმატა - მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 1.08 ტრილიონი რუბლი იყო.
ცნობისთვის, Reuters პროგნოზირებდა, რომ შემოსავლები 0.96 ტრილიონამდე ჩამოვიდოდა.
რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან შემოსავალმა 2025 წლის იანვრიდან აპრილამდე მონაკვეთში 3.73 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.3%-იანი კლებაა.
Reuters-ის მონაცემების მიხედვით, რუსული ნავთობის საშუალო ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში ვარდნა დაიწყო და მარტში ერთ ბარელზე 5.079 რუბლიდან აპრილში ბარელზე 4.562 რუბლამდე ჩამოვარდა.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან ბიუჯეტში 10.94 ტრილიონი რუბლის ოდენობის შემოსავლებს ელოდა, თუმცა ეს რიცხვი აპრილის თვეში შეცვალა და ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე, 8.32 ტრილიონამდე შეამცირა.





