მოსკოვის მიმართულებით ფრენისას სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის რეისი დროებით აზერბაიჯანში დაეშვა იმ ფონზე, როცა უკრაინის დრონების იერიშებმა რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის აეროპორტებში მუშაობის შეჩერება გამოიწვია.
ვუჩიჩი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, რომელიც მოსკოვში პუტინის სამხედრო აღლუმს დაესწრება.
მომხდარზე სერბული გამოცემა Informer წერდა, რომ ვუჩიჩის თვითმფრინავი ბაქოში "ავარიულად დაეშვა" და მოსკოვისკენ გაფრენის ნებართვას ელოდებოდა. თუმცა, რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია TASS ამტკიცებდა, რომ ბაქოში შეჩერება "დაგეგმილი" იყო. კრემლის მედიის ცნობით, სერბეთის საელჩო მოსკოვში კვლავ მოელის, რომ ვუჩიჩი 8 მაისისთვის ჩავა მოსკოვში. თუმცა, მალევე TASS-მა მოსკოვში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ჩამოდის ვუჩიჩი თვითმფრინავიდან.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, ვუჩიჩის რეისი ბაქოს აეროპორტში ორის საათით შეყოვნდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი კვლავ მოსკოვისკენ გაფრინდა.
მანამდე, სერბულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიამ და ლიტვამ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.
ამას გარდა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა თქვა, რომ "აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მონაწილეობას არ მიიღებს გამარჯვების აღლუმში, რომელიც მოსკოვში 9 მაისს გაიმართება".
მანამდე, 28 აპრილს, რუსულმა მედია РБК-მ გაავრცელა პუტინის აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების სია, რომელშიც ალიევის სახელიც ეწერა.
სიის მიხედვით, 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმს დაესწრებიან, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა, და ასევე ჩინეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებიც.