აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინასა და რუსეთს ომის დამთავრება სურთ და აღნიშნა, რომ ნავთობზე ფასების ვარდნის შემდეგ, ვლადიმირ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს.
"ჩემი აზრით, რუსეთი ახლანდელი ნავთობის ფასით... ნავთობი დაეცა, ჩვენ კარგ პოზიციაში ვართ შეთანხმებისთვის, მათ შეთანხმება სურთ. უკრაინას გარიგება უნდა". - უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს 5 მაისს.
Reuters-ის წყაროების ცნობით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ამოძრავებს, ბარელზე $15 დოლარით შემცირდა.
"ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ და შესაძლოა, მალე რამე მოხდეს, მაგრამ იმედია, ეს ასე იქნება". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
გუშინ, 5 მაისს, OPEC+-ის მიერ წარმოების გაზრდის გადაწყვეტილების ფონზე, ნავთობის ფასი ბარელზე $1-ზე მეტით დაეცა.
თბილისის დროით 5 მაისის 18:55 საათისთვის Brent-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსები დამატებით $1.54-ით, იგივე 2.51%-ით დაეცა და ბარელზე $59.75-მდე ჩამოვიდა. ეს ნიშნული 9 აპრილიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი იყო, თუმცა მას შემდეგ, დღეის მდგომარეობით, Brent-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსები $61.51-ის მაჩვენებელს დაუბრუნდა.
მანამდე, 3 მაისს OPEC+-მა გადაწყვიტა, რომ ივნისის თვეში ნავთობის წარმოებას დღეში 411 000 ბარელამდე გაზრდიდა.
Reuters-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის წარმომადგენლები მოკავშირეებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს აწვდიან ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთი აღარ აპირებს ნავთობის ბაზრის მიწოდების დამატებითი შემცირების გზით მხარდაჭერას და მზად არის, გაუმკლავდეს ნავთობის დაბალი ფასების ხანგრძლივ პერიოდს.
წყაროების თქმით, ერ-რიადში გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყაზახეთი და ერაყი OPEC+-ის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებლებს აჭარბებდნენ. აღნიშნული ჯგუფი ამ მიზნებს ადგენს ნავთობის ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსების მიზნით.
ბოლო თვეებში საუდის არაბეთი აქტიურად მოუწოდებდა წევრ ქვეყნებს, დაეცვათ კვოტები და გადამეტებული მიწოდება აენაზღაურებინათ. თუმცა, წყაროების განცხადებით, უკმაყოფილო ერ-რიადი ახლა ტაქტიკას ცვლის.
მანამდე, აპრილში, მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ საყოველთაო ტარიფები გამოაცხადა, Brent-ისა და WTI-ის ნავთობის ფასებმა ხუთი დღის განმავლობაში ვარდნა დაიწყო.





