ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის (BfV) მიერ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას სასამართლოში ასაჩივრებს.
გერმანიის შიდა დაზვერვის ფედერალური სამსახური, რომელიც, მათ შორის, კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი, პარტიის საქმიანობას თვეების განმავლობაში სწავლობდა და შესაბამისი გადაწყვეტილება "ინტენსიური და ყოვლისმომცველი" შესწავლის შედეგად მიიღო.
როგორც გერმანული მედია აღნიშნავს, BfV-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 1 100-ზე მეტ გვერდს მოიცავს და აღწერილია არაერთი მტკიცებულება, რომელიც პარტიის საქმიანობის ანტიკონსტიტუციურ ხასიათს ადასტურებს.
"ეთნიკურობასა და წარმომავლობაზე დაფუძნებული ხალხის აღქმა, რომელიც პარტიაშია დომინანტური, თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგთან შეუთავსებელია. ამის მიზანია, მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფის გამოთიშვა საზოგადოებაში თანასწორი მონაწილეობიდან და დააქვემდებაროს ეს ჯგუფები ისეთ მოპყრობას, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და მაშასადამე მიანიჭოს მათ იურიდიულად დაქვემდებარებული სტატუსი". - აღნიშნავს BfV.
მანამდე, BfV-მ ექსტრემისტულ ჯგუფებად გამოაცხადა ტიურინგიის და საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე მოქმედი AfD-ს ადგილობრივი ოფისები.
გერმანული მედია აღნიშნავს, რომ BfV-ს გადაწყვეტილება პარტიის აკრძალვას არ ნიშნავს, თუმცა, სააგენტოს უფლებამოსილებას აფართოებს და შეხვედრებზე დაკვირვებისა და ტელეფონების მოსმენის საშუალებას აძლევს.
ამასთან, ადგილობრივი მედია ხაზს უსვამს, რომ პარტიის აკრძალვის მოთხოვნა ბუნდესტაგს ან ფედერალურ მთავრობას შეუძლიათ, თუ ისინი ამ მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენენ.