საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) 2 მაისს 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია მედიის მდგომარეობა 180 ქვეყანაში. მედიის თავისუფლების ინდექსში, 2024 წელთან შედარებით, საქართველო 11 პოზიციით – 103-ე ადგილიდან 114-მდე ჩამოქვეითდა.
ანგარიშში მოცემულია სხვა ტიპის ინდიკატორებიც, რომელთა მაჩვენებლებიც 2024 წლის ანგარიშთან შედარებით ასევე გაუარესებულია.
- პოლიტიკური ინდიკატორი – 132 (127-დან)
- ეკონომიკური ინდიკატორი – 110 (114-დან)
- საკანონმდებლო ინდიკატორი – 100 (72-დან)
- სოციალური ინდიკატორი – 102 (93-დან)
- უსაფრთხოების ინდიკატორი – 109 (110-დან)
"სახელისუფლებო ჩარევა ძირს უთხრის ძალისხმევას, გაუმჯობესდეს მედიის თავისუფლება. გარემო კვლავ მტრული რჩება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის. იზრდება ჟურნალისტების წინააღმდეგ ვერბალური და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი.
"უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ მიღებული კანონები ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, მათ ცენზურას უქვემდებარებს და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის". - წერია ანგარიშში საქართველოს მაჩვენებლის შესახებ.
მედიაგარემო
მედიაგარემო მრავალფეროვანია და ამავდროულად, პოლიტიკურად მეტად პოლარიზებული. მანიპულაცია, სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია მეტად გავრცელებულია მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს Rustavi 2-ის შემთხვევაში მოხდა, როდესაც ტელეარხმა სარედაქციო ხაზი შეცვალა მას შემდეგ, რაც ტელევიზია ყოფილი მესაკუთრის მფლობელობაში დაბრუნდა; ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, როდესაც მასში მთავრობა ჩაერია. რეგიონულ და სათემო რადიოსადგურებს დაფინანსების მიღების პრობლემა აქვთ, ონლაინ გამოცემების საპირისპიროდ კი, ბეჭდური მედიის კითხვის დონე თანდათანობით იკლებს.
პოლიტიკური კონტექსტი
ქვეყანა ახალი და სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, რასაც წინ უძღვის ფართოდ გაკრიტიკებული 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც ქვეყანა რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციაში ჩაძირა. ეს გარემო საფუძველს უქმნის გრძელვადიან კონკურენციას სატელევიზიო არხებზე კონტროლის დასამყარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიაკომპანიების ფლობას უკრძალავს, მსხვილი ტელევიზიები, ჩვეულებისამებრ, საკუთარი მფლობელების ინტერესებს იცავენ, რომლებსაც ხშირად პოლიტიკურ ლიდერებთან ახლო კავშირები აქვთ. იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ მედიაზეც, რომელიც ხელისუფლების ძლიერი ჩარევის სუბიექტია. ამავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უარს ამბობენ იმ მედიასთან საუბარზე, რომელიც აკრიტიკებს მათ; ისინი ხშირად მიმართავენ ცენზურას, რეიდებს, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და დაშინებას.
საკანონმდებლო ჩარჩო
მთავრობას ჯერ კიდევაც არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია მედიის თავისუფლების გაუმჯობესების თაობაზე, რაც აუცილებელი ნაბიჯია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე. მედიაში პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით ადრე გატარებული რეფორმების საპირისპიროდ, მთავრობამ "უცხოური გავლენის" შესახებ რეპრესიული კანონიც კი მიიღო, რომელიც რუსულ ანალოგს, "უცხოური აგენტების" კანონს იმეორებს – კანონი მედიის თავისუფლებას ძირს უთხრის. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ, თავს დაესხან წყაროების კონფიდენციალურობას მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონითაა დაცული.
ეკონომიკური კონტექსტი
ნაკლებად განვითარებული სარეკლამო ბაზარი ვარდნას განიცდის ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რომელიც მეტწილად დასავლური დონორებისგან ფინანსდება. კერძო მფლობელობაში არსებული მედიის წინაშე დამდგარი შემაშფოთებელი ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდა "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის მიღების შედეგად, რომელიც დასავლური ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილ გამოცემებს აჯარიმებს; ამგვარად მოქმედებს რეკლამის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიც, რომლებიც კონკურენციას აფერხებს და უპირატესობას ფართოდ სუბსიდირებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას ანიჭებს.
სოციოკულტურული კონტექსტი
ქართველი საზოგადოება გამოირჩევა ძლიერი სოციალური დაპირისპირებებით რიგ საკითხებზე, მათ შორის, რელიგია, LGBTQ+ უფლებები და რუსული გავლენა. [ეს განწყობები] ჟურნალისტურ საქმიანობაზე ახდენს გავლენას. გავლენიან საჯარო პირებს, მაგალითად, მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს უსაფრთხოების სამსახურები უსმენენ და, შესაბამისად, ჟურნალისტების წყაროების კონფიდენციალურობას არღვევენ.
უსაფრთხოება
ჟურნალისტებზე ვერბალური და ფიზიკური თავდასხმები ხშირია, მათ შორის, მთავრობის მაღალჩინოსნების მიერ, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს. 2021 წლის ივლისში ჰომოფობიის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს, პასიური უსაფრთხოების სამსახურების თვალწინ, დაახლოებით 50 რეპორტიორის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი ძალადობამ მდგომარეობის უპრეცედენტო გაუარესება გამოიწვია. აღნიშნულის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა აჩვენებს დაუსჯელობას, რომლითაც ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი პირები სარგებლობენ.





