რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, ქალაქ მურომში დრონების თავდასხმის შედეგად დიდი ხანძარი გაჩნდა. ხანძრისა და თავდასხმის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა თავდაპირველად რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა.
ხანძრის შესახებ ცნობა გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ავდეევმაც. მისი თქმით, ხანძარი 720 კვადრატულ მეტრს მოედო. მისი თქმით, ოლქს თავს დაესხა რამდენიმე დრონი, თუმცა ირწმუნება, რომ ისინი რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდებით წყობილებიდან გამოიყვანეს.
გუბერნატორის მტკიცებით, დაზიანდა ორი შენობა. სწორედ ერთ-ერთში გაჩნდა ხანძარი. ავდეევის თქმით, მეორე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა.
ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, თავდასხმის სამიზნე იყო სამხედრო საწარმო, რომელსაც ადგილობრივები ზოგჯერ ტყვია-წამლის საწარმოსაც უწოდებენ. დაწესებულება ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანია როსტეხს.
დამოუკიდებელი რუსული ტელეგრამ არხი Astra ხაზგასმით წერს, რომ 2020 წელს დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ მურომის ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ვაზნებისთვის საჭირო კაფსულების უდიდესი მწარმოებელი იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, უკრაინული დრონების სამიზნე გასულ ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონი გახდა. მათი მტკიცებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 34 დრონი გაანადგურა: 15 კურსკის ოლქში, 8 ბრიანსკის ოლქში, 7 ორიოლის ოლქში, 3 ვლადიმირის ოლქში, ერთიც კი ბელგოროდის ოლქში.





