რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Times წერს რომ, ტრამპმა ყირიმზე რუსული კონტროლის დე იურე აღიარებაზე პოზიცია შეიძლება შეცვალოს

დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში

გამოცემა The Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის გეგმა რუსეთისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების შესახებ ურყევია და არ შეიცვლება, თუმცა ტრამპმა აშშ-ს მხრიდან ყირიმზე რუსული კონტროლის დე იურე აღიარების შესახებ პოზიცია შესაძლოა შეცვალოს. 

გავრცელებული ცნობებით, ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ მოსკოვისთვისა და კიევისთვის წარდგენილი გეგმა აშშ-ს მხრიდან ყირიმზე რუსეთის კონტროლის დე იურე აღიარებას, და 2022 წლის შეჭრის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული კონტროლის დე ფაქტო აღიარებას გულისხმობს. 

The Times უიტკოფთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპისთვის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის დე ფაქტო აღიარება ურყევია. თუმცა, გამოცემის თანახმად, ტრამპი აშშ-ს მხრიდან ყირიმზე რუსეთის კონტროლის დე იურე აღიარებაზე აზრის ცვლილებას ამ ეტაპზე არ გამორიცხავს.

"ტრამპის ხედვა ისაა, რომ ეს მიწა მიტაცებული და აღარ დაბრუნდება. [...] მაგიდაზე დევს შეთანხმება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპირებული დარჩება. რუსეთი იქიდან არ გამოდის. ეს ნაწილი ურყევია". - თქვა უიტკოფთან დაახლოებულმა წყარომ. 

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის სპეციალურ წარმომდგენელთან, სტივ უიტკოფთან დაახლოებული პირის თქმით, დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ზელენსკის აშშ-ს შეთავაზებული გეგმისთვის ხელის მოწერის გარდა "რეალურად არჩევანი არ აქვს".

გამოცემის წყაროს თანახმად, აშშ-ს ასევე სჯერა, რომ თუკი უკრაინა შეთანხმებაზე უარს იტყვის, ომი შესაძლოა თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს, კიევი კი ევროპაზე დაფინანსებისა და შეიარაღებისთვის იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, აშშ გეგმის გადახედვას აღარ აპირებ, თუკი ზელენსკი მას არ დაეთანხმება. 

"აშშ-ს დაფინანსების შეწყვეტას რეალურად იგივე შედეგი ექნება, რაც [წელს] იარაღების მიწოდების შეწყვეტას, რადგან უკრაინა ამ ფულს სხვა მოკავშირეებისგან მეტი იარაღის საყიდლად იყენებს". - თქვა წყარომ. 

წყარომ დაამატა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების აზრით, ასეთ შემთხვევაში ევროპაში საზოგადოების განწყობა უკრაინის დაფინანსების გაზრდილი ხარჯების გამო კრიტიკული გახდება. 

ცნობისთვის, დღეს, 26 აპრილს ტრამპი და ზელენსკი რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ და რუსეთ-უკრაინის ომის დამასრულებელი სამშვიდობო გეგმა განიხილეს. 

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩეუნგმა შეხვედრა "ძალიან კონსტრუქციულად" მოიხსენია, ხოლო ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან "კარგი შეხვედრა" ჰქონდა - პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შეძლეს. 

მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უკრავენ ტაშს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს მოედანზე შეკრებილი ადამიანები. 

ცნობისთვის, Reuters-მა აშშ-ს მიერ და უკრაინისა და EU-ს ქვეყნების მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმების ვერსიები გაასაჯაროვა. 

გამოცემის თანახმად, აშშ-ს გეგმის ვერსია ევროპელ თანამდებობის პირებს დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა 17 აპრილს, პარიზში წარუდგინა. 

ამასთან, ევროპელმა თანამდებობის პირმა აშშ-ს მხარეს ომის დასრულების გეგმის მრავალპუნქტიანი ვერსია 23 აპრილს ლონდონში უკრაინას, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე წარუდგინეს. 

გამოცემის თანახმად, აშშ-ს მიერ წარდგენილი გეგმა ყირიმის კონტროლის დე იურე აღიარების უზრუნველყოფას გულისხმობს. მანამდე, ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან  გამართულ  შეხვედრაზე ტრამპის გუნდი გამოვიდა წინადადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული უკრაინული რეგიონი, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, ხოლო მიმდინარე ომის ფრონტის ხაზი გაიყინოს. 

გუშინ, 25 აპრილს, ტრამპმა დაწერა, რომ ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის. მისივე თქმით, "ყირიმი ობამამ დათმო", ხოლო მის დროს ეს არ მოხდებოდა.

ამავე დღეს ზელენსკი ასევე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას და განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს იურიდიულად არასდროს არ აღიარებს. 

მანვე თქვა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, რათა ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლი აღადგინოს, თუმცა მსოფლიოს რუსეთზე ზეწოლის საშუალებები აქვს, რათა ტერიტორიული საკითხები განიხილებოდეს. 

მანამდე, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა 25 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა "კონსტრუქციულად და ძალიან სასარგებლოდ" შეაფასა.

უიტკოფის ვიზიტს წინ უძღვოდა ტრამპის კრიტიკა რუსეთის მიმართ 24 აპრილს კიევზე მომაკვდინებელი თავდასხმის გამო, რომელსაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები.

კომენტარები