სავიზო რეგულაციები

ცვლილებები ემსახურება უვიზოდ შემოსვლის გამკაცრებას – შსს 17 ქვეყანაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზოდ შემოსვლის შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას". 

საქმე ეხება მთავრობის მიერ გამოქვეყნებული 17 აპრილით დათარიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც 16 აპრილიდან იმ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც გალფის ყურის ქვეყნის მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, განისაზღვრა ვიზის მოქმედების ვადები და ამავე ქვეყნების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდა. 

საუბარია შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებზე: ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა, განის რესპუბლიკა, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, ერიტრეას სახელმწიფო, იემენის რესპუბლიკა, კამერუნის რესპუბლიკა, კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკოს სამეფო, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა, სომალის ფედერაციული რესპუბლიკა, სირიის არაბთა რესპუბლიკა, სუდანის რესპუბლიკა, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, უგანდის რესპუბლიკა. 

შსს-ს განმარტებით, დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გალფის ქვეყნების ვიზას ან ბინადრობის მოწმობას ფლობდნენ. ცვლილებების განხორციელებამდე ვიზის მოქმედების ვადები დადგენილი არ იყო. 

დადგენილებაში შეტანილი ახალი ცვლილებები კი გულისხმობს, რომ ზემოჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა საკმარისი აღარ იქნება საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნისთვის თუ ასეთი პირების მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის მოქმედების ვადა არანაკლებ 1 წელია (საქართველოს საზღვრის კვეთის დღისთვის).

"განვმარტავთ, რომ 2025 წლის 17 აპრილს „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები