რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ტერორისტებთან მოსალაპარაკებლად ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემდეგ ვიქნებით მზად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის მშვიდობიანი დარეგულირების მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, რასაც რუსეთი არ თანხმდება.

ამასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სირილ რამაფოსასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ეს არის პირველი ნაბიჯი და როცა კომპრომისებზე ვსაუბრობთ... მე მჯერა, რომ ჩვენზე თავდასხმა მოხდა, ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, ათობით ათასი ადამიანი მოკლულია, უამრავი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი ცოცხლად არის დამარხული. და ის ფაქტი, რომ უკრაინა მზად არის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ, იმ ტერორისტებთან, რომლებმაც ეს ყველაფერი ჩვენს მიწაზე ჩაიდინეს, უკვე ძალიან დიდი კომპრომისია," - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას, ისე როგორც არავის, სურს ომის დასრულება. სწორედ ამიტომ, ყველა მშვიდობიანი ინიციატივა მნიშვნელოვანია და შეიძლება განხილვის საგანი გახდეს. თუმცა, ნებისმიერი მათგანი უნდა დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით.

"ყველა ეთანხმება ამ წინაპირობას, რუსეთის ფედერაციის გარდა," - დაამატა ზელენსკიმ.

23 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პირობები დაასახელა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი ცეცხლის სრულად შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს, თუმცა მანამდე მისი "პირობები უნდა დაზუსტდეს", მათ შორის, ევროპის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი.

როგორც ამბობს პესკოვი, "კონფლიქტი მომენტალურად დასრულდება, თუკი უკრაინა რუსეთის კონსტიტუციაში აღნიშნული ოთხი რეგიონიდან ჯარებს გაიყვანს". ოთხ რეგიონში დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი იგულისხმება.

რუსეთის მოთხოვნების მიხედვით, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გახდეს - "მისი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეა," - ამბობს პესკოვი.

კომენტარები