გერმანია-NATO

გერმანიამ Rheinmetall-ს, Lufthansa-სა და Deutsche Bahn-ს NATO-ს ლოჯისტიკური დახმარებისთვის მიმართა

REUTERS/Annegret Hilse

გამოცემა Handelsblatt-ის ინფორმაციით, გერმანიის არმიამ რამდენიმე მსხვილ კომპანიას მიმართა, საჭიროების შემთხვევაში NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან ლოჯისტიკური მხარდაჭერა გაუწიონ.

გამოცემა წერს, რომ NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში გერმანიის არმია კომპანიებს საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის გადაადგილებაში დახმარებას სთხოვს.

Handelsblatt-ის ცნობით, საუბარია გერმანიის უმსხვილესი სამხედრო კომპანია Rheinmetall-ზე, ავიაკომპანია Lufthansa-სა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn-ზე.

ცნობისთვის, Rheinmetall-მა თებერვალში გერმანიის არმიასთან სამხედრო ძალების შიდა და საგარეო გადაადგილების ლოჯისტიკურ მხარდაჭერაზე შეთანხმება გააფორმა. 

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მიმდინარეობს განხილვა, შეძლებს თუ არა კომპანია Lufthansa-ს საჰაერო სკოლა ავიაგამანადგურებლების პილოტების საბაზისო მომზადებას.

მანამდე, 21 მარტს, გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ, ბუნდესრატმა რომელიც ქვეყნის 16 ფედერალური მიწის მთავრობებს წარმოადგენს, კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტი საბოლოოდ დაამტკიცა

აღნიშნული პაკეტით, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერსა და მომავალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და თავდაცვის ხარჯების გაზრდის გასამარტივებლად €500 მილიარდიანი ფონდის შექმნა სურს.

"ჩვენ, სულ მცირე, 10 წელია რაც უსაფრთხოების ყალბი შეგრძნება გვაქვს. [...] ეს გადაწყვეტილება, რომელსაც თავდაცვის სამზადისზე ვიღებთ შესაძლოა იყოს პირველი მსხვილი ნაბიჯი ევროპის ახალი თავდაცვის საზოგადოების მიმართულებით" – თქვა მერცმა 18 მარტის კენჭისყრის წინ.

კომენტარები