ლონდონში უკრაინელი და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრებს შორის მოლაპარაკებები აღარ შედგება, სახელმწიფოების ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრები მაინც გაიმართება , თუმცა, მედიისთვის დახურულ ფორმატში.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.
"როგორც ვიცით, მდივანი რუბიო დაკავებული ადამიანია". - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა 22 აპრილს.
"მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში შეხვედრები კვლავ ჩატარდება, რუბიო მათ არ დაესწრება, თუმცა ეს მოლაპარაკებებს არ ეხება. ეს მხოლოდ მის გრაფიკში არსებული ლოჯისტიკურ საკითხებს უკავშირდება". - განაცხადა პრესსპიკერმა.
ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ს მხრიდან მონაწილეობას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი მიიღებს.
მანამდე, გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-მ მოკავშირეებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა, რომელიც, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსკოვის კონტროლის ქვეშ დატოვებას გულისხმობს.
გამოცემასთან საუბრისას ევროპელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ აშშ-მ პარტნიორებს გეგმის მონახაზი 17 მარტს პარიზში შეხვედრის დროს წარუდგინა.
პარიზის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის, ასევე შედგა დისკუსიები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის.
Bloomberg-ის წყაროების თანახმად, შეთავაზებული გეგმა ომის ფაქტობრივად გაყინვას, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მოსკოვის კონტროლის ქვეშ დატოვებას, ხოლო NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გამორიცხვას მოიაზრებს.
შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ გასულ კვირაში ევროპულმა ძალებმა აშშ-ს ის წითელი ხაზები გააცნეს, რომელთა გადაკვეთაც მიუღებელი იქნება უკრაინა-რუსეთის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაში.
"ჩვენთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მიზანი ფრანგული ინტერესებისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვაა. სწორედ ამიტომ, რადგან აშშ-მ შუამავლის როლის შესრულება გადაწყვიტა, ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი ე.წ. წითელი ხაზები". - თქვა ბარომ.





