თეთრი სახლი

თეთრმა სახლმა ყალბი უწოდა ცნობას, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ჰეგსეთის შემცვლელს ეძებენ

პიტ ჰეგსეთი
NPR

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ცოტა ხნით ადრე, პიტ ჰეგსეთის შეცვლასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"ეს არის სრულიად ყალბი ამბავი, დაწერილი ერთ-ერთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს". – წერს ლივიტი პოსტში.

21 აპრილს, მედია National Public Radio-მ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე, ტრამპის ადმინისტრაცია პიტ ჰეგსეთის შემცვლელს ეძებს.

გამოცემა ჰეგსეთით უკმაყოფილების მიზეზად მესენჯერ Signal-ში სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებას ასახელებს.

NPR-ის სტატიამდე რამდენიმე საათით ადრე, New York Times ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა 15 მარტს Signal-ის მეორე ჩატში, რომლის წევრებიც მისი ცოლი, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ, იემენში დაგეგმილი ავიადარტყმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააზიარა.

კომენტარები