ავტოტრანსპორტის მოძრაობა

20-21 აპრილს თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

20 და 21 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

ინფორმაციას თბილისის მერია სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს.

უწყების პოსტის თანახმად, სააღდგომოდ დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

"ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ". – წერია თბილისის მერიის პოსტში.

კომენტარები