BP

British Petrolium-ის განცხადებით მექსიკის ყურეში ნავთობი აღმოაჩინეს

ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია BP-ს განცხადებით, აშშ-ს მექსიკის ყურეში მდებარე Far South-ის საბადოზე ნავთობი აღმოაჩინეს. 

კომპანიის ინფორმაციით, ჭაბურღილით, რომელიც ლუიზიანას სანაპიროდან დაახლოებით 193 კილომეტრში მოეწყო, ნავთობს წააწყდნენ. 

BP-ს განცხადებით, საწყისი მონაცემები მიუთითებს, რომ აღმოჩენილი ნავთობისა და გაზის მოცულობა კომერციული მნიშვნელობისაა.

განცხადების შემდეგ, ლონდონის ბირჟაზე BP-ის აქციების ფასი 4.72%-ით გაიზარდა.

ბრიტანული კომპანია Far South-ის საბადოს 57.5%, ხოლო მისი პარტნიორი Chevron 42.5%-ს ფლობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2030 წლისთვის მექსიკის ყურეში ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოების გაზრდას დღეში 400 000 ბარელამდე გეგმავენ.

BP ვარაუდობს, რომ ათწლეულის ბოლომდე გლობალური წარმოება დღეში 2.3-დან 2.5 მილიონი ბარელი ნავთობის ეკვივალენტს მიაღწევს და შესაძლოა მზარდი ტენდენცია 2035 წლამდე გაგრძელდეს.

კომენტარები