ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მალე პარტიის აპლიკაცია შეიქმნება, რისი მეშვეობითაც ენმ-ის მხარდამჭერებს პარტიის მართვაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აპლიკაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ამას ძალიან მალე ვიხილავთ. მისი მეშვეობით, ჩვენი ყველა ამომრჩევლის ბაზა განახლდება [...] ამ აპლიკაციის საშუალებით, იქნებიან ჩვენი ამომრჩევლები, რომლებსაც პარტიის მართვაში მონაწილეობის მიღება სურთ [...] ამ ხალხს შეეძლება, დააკომპლექტონ, მათ შორის, პოლიტსაბჭო - ასევე, ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რაც პარტიას მართავს - იქნება ეს თვითონ პარტიის თუ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე". - თქვა ფავლენიშვილმა ფორმულას ეთერში.
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ არ შეიძლება, ენმ მისი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით იმართებოდეს. სააკაშვილმა პარტიას შესთავაზა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში, ელექტრონულად მათი მხარდამჭერებიც ჩაერთონ.





