საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა საჯარო სამსახურში ქართული ოცნების რეპრესიებს ეხება.
ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა.
ამ მიზნის მისაღწევად, ოცნებამ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ოთხჯერ შეიტანა რეპრესიული ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და ფაქტიურად გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო.
"პოლიტიკური ნიშნით 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს ათობით საჯარო სტრუქტურიდან. ყველაზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა შემდეგი სტრუქტურებიდან: თავდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სიღნაღის, ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო, მთავრობის ადმინისტრაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. გაუქმდა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრი და საჯარო სამსახურის ბიურო. ამ უწყებებში, ძირითადად რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში გაუქმდა საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვის გარანტიები
შუა რგოლის მენეჯერების გათავისუფლებისთვის არანაირი სამართლებრივი დასაბუთების არსებობა აღარ არის საჭირო და მათი სამსახურიდან გათავისუფლება სამიოდე დღით ადრე შეტყობინებით გახდა შესაძლებელი; მნიშვნელოვან თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი დაბრუნდა; რეორგანიზაციის წესი გამარტივდა და იმ შემთხვევაშიც თუ პირი უკანონოდ გაუშვეს რეორგანიზაციის გამო, განაცდურის მხოლოდ ერთი თვე აუნაზღაურდება; დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირები აღარ მიიჩნევიან უვადოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებად და გათავისუფლდებიან მინისტრის გათავისუფლების შემდეგ.
რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ხელოვნების და აკადემიური სივრცის კონტროლს
რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება პროფესიული თეატრების შემოქმედებით გუნდებს ართმევს თეატრის დირექტორის შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობას და დირექტორებს საკუთარი შეხედულებით დანიშნავს და გაათავისუფლებს მინისტრი ან მერი. საჯარო მოხელეები სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეძლებენ." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





