აშშ-ში კაცმა პენსილვანიის შტატის გუბერნატორის, ჯოშ შაპიროს რეზიდენციას ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციამ 38 წლის კოდი ბალმერი დააკავა - მას ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ ცეცხლის წაკიდება, ტერორიზმი, გაძარცვის მიზნით ბინის გატეხვა და სხვა დანაშაულები.
ბრალდებების თანახმად, ბალმერი გუბერნატორის რეზიდენციაში შეიჭრა და შიგნით აალებადი საგნები ისროლა, რამაც, სულ მცირე, ორი ხანძარი გამოიწვია.
დოფინის ოლქის პროკურორის განცხადების თანახმად, ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ პირი გუბერნატორის რეზიდენციის ღობეზე გადაძვრა, შენობის ფანჯარა ჩაქუჩით ჩაამტვრია და შენობაში საგანი ისროლა, რამაც ხანძარი გამოიწვია, შემდგომ კი სხვა ფანჯარაც ჩაამტვრია და აალებადი საგანი იქიდანაც ისროლა.
სამართალდამცავების თქმით, ბრალდებული ხანძრის დაწყებას აღიარებს.
ბალმერის ყოფილი პარტნიორი ქალის მიერ დაწერილი წერილობითი ჩვენების მიხედვით, ის ქალს თავდასხმის მოწყობაში გამოუტყდა, მოგვიანებით კი ჰარისბურგში შტატის პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. როგორც აფიდევიტში წერია, ბალმერმა დაკითხვის დროს თქვა, რომ თუკი მას რეზიდენციაში გუბერნატორი შეხვდებოდა, ჩაქუჩით სცემდა.
სამართალდამცავებს დანაშაულის შესაძლო მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
შაპიროს თქმით, მას, მისი ცოლსა და შვილებს თავდასხმის დროს ეძინათ, ხანძრის შესახებ კი ღამის 2 საათის შემდეგომ გააფრთხილეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, სანამ მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. მისივე თქმით, გამოძიებაში მონაწილეობა გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც მიიღო.
51 წლის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რეზიდენციაზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ოჯახმა და ადგილობრივი ებრაული თემის წარმომადგენლებმა თეთრი სახლის სახელმწიფო სასადილო ოთახში პასექის პირველი ღამე აღნიშნეს.