უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების F-16-ის პილოტი, 26 წლის პავლო ივანოვი საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები ავრცელებს.
შემთხვევის გამოძიებაზე მუშაობა რამდენიმე უწყებისგან შემდგარმა კომისიამ დაიწყო. სამხედრო საჰაერო ძალები პილოტის სიკვდილის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივანოვის სიკვდილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ამ საბრძოლო სიტუაციის შესახებ სამხედროების ანგარიშები იყო აუცილებელი. გარემოებებს ვიკვლევთ". - თქვა ზელენსკიმ.
მანამდე, 2024 წლის 26 აგვისტოს უკრაინული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, რომელსაც უკრაინელი პილოტი, ალექსანდრ მესი მართავდა. მალევე დადასტურდა, რომ თვითმფრინავი შეცდომით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო.
29 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაური მიკოლა ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
30 აგვისტოდან საჰაერო თავდაცვის ძალების მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავა გენერალ-ლეიტენანტმა ანატოლი კრივონოჟკომ.
მოგვიანებით, გამოცემა The Wall Street Journal-მა შემთხვევის შესახებ გამოაქვეყნა სტატია.
სტატიის ავტორი, ჯილიან კეი მელჩირი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაკატასტროფა შესაძლოა საზენიტო სარაკეტო კომპლექს Patriot-ის სისტემა Link 16-ის გამო მომხდარიყო, რომელიც უკრაინისთვის გადაცემულ "პატრიოტებზე" გათიშული იყო.





