ვისკონსინის უზენაესი სასამართლოს არჩევნებში დემოკრატების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სუზან კროუფორდმა გაიმარჯვა.
კროუფორდმა, რომელიც დეინის ოლქის მოსამართლეა, არჩევნებში გამარჯვებას დემოკრატიის გამარჯვება უწოდა და მინიმუმ სამი წლის განმავლობაში უზრუნველყო ლიბერალ მოსამართლეთა უმრავლესობა შტატის უზენაეს სასამართლოში.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე სამართლიანობისთვის ბრძოლაში მსოფლიოს უმდიდრეს კაცს დავუპირისპირდებოდი ვისკონსინში". - თქვა კროუფორდმა.
"დღეს ვისკონსინელებმა მოიგერიეს უპრეცედენტო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე, სამართლიან არჩევნებზე და ჩვენს უზენაეს სასამართლოზე". - განაცხადა კროუფორდმა გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
კროუფორდმა კონსერვატორი ბრედ შიმელი 8%-იანი სხვაობით დაამარცხა. წინასწარი მონაცემებით. ამომრჩეველთა აქტივობა 52%-ს აჭარბებდა, რაც 2023 წლის რეკორდულ 40%-იან მაჩვენებელს აჭარბებს.
შიმელმა საკუთარ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ კროუფორდის გამარჯვება აღიარა.
კონსერვატორ მოსამართლეს მხარს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბიზნესმენი ილონ მასკი და სხვა რესპუბლიკელები უჭერდნენ.
მასკმა და მის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფებმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში შიმელის მხარდასაჭერად 21 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.
კროუფორდის თქმით, ვისკონსინმა ხმამაღლა განაცხადა, რომ "სამართლიანობას ფასი არ აქვს და ჩვენი სასამართლოები არ იყიდება".
მანამდე, 30 მარტს, ილონ მასკმა ქალაქ გრინ ბეიში გამართულ შეკრებაზე ორ ამომრჩეველს მილიონდოლარიანი ჩეკები გადასცა.
მასკი მცირე თანხების გადახდას სხვა ამომრჩევლებსაც დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ შტატის უზენაესი სასამართლოს არჩევნებში კონსერვატორ კანდიდატს გამარჯვებაში დაეხმარებოდნენ.
შეხვედრაზე მასკმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში მხარდამჭერებს თითოეულ ახალ მოყვანილ ამომრჩეველზე 20 დოლარს გადაუხდიდა.
"ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე ვართ, რომ არჩევნები დავკარგოთ". - განაცხადა მასკმა. მისი თქმით, ეს არჩევნები ცივილიზაციის მომავლისთვის იყო მნიშვნელოვანი.





