რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის მხრიდან ენერგეტიკაზე ზავის დარღვევის მტკიცებულებები აშშ-ს გადასცა

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებული უკრაინული თერმული ელექტროსადგური, 2 აპრილი, 2024
Oksana Parafeniuk/The Washington Post/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ აპრილს ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-ს საჭირო ინფორმაცია გადასცა რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის სექტორზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გავუზიარეთ ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგო სექტორზე რუსეთის დარღვევების შესახებ: იყო იერიშები, და დღეს ისევ იყო იერიში ხერსონში, რუსულმა დრონმა მიზანში ამოიღო ენერგო ობიექტი და აღჭურვილობა - მთლიანად მიზანმიმართულად და განზრახ - ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე ითხოვს, რომ აღრიცხვა მოხდეს და პარტნიორების მხრიდან პასუხი გაეცეს ნებისმიერ მსგავს შემთხვევას.

"დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ყოველი მსგავსი დარღვევა დოკუმენტირებული იყოს და პარტნიორების მხრიდან შესაბამისი პასუხი გაეცეს მას". - დაამატა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაშივე აღნიშნა, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ლიტვამ უკრაინას ექვსი ერთეული ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა. მან ასევე დაამატა, რომ 1-ელ აპრილს გერმანიამ უკრაინისთვის ახალი €130-მილიონი დახმარების პაკეტი გამოყო.

ზელენსკიმ ასევე დააანონსა, რომ პარასკევს, 4 აპრილს, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნაზე თანახმა მოკავშირე ქვეყნებიდან სამხედრო სარდლების შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები