რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Fox-ის წყარო: ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთზე სანქციების რეჟიმის გამკაცრებაზე მსჯელობენ

EPA

ამერიკული ტელეარხ Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის, ჯაკი ჰაინრიხის ინფორმაციით, საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაღიზიანებულია ვლადიმირ პუტინით და მიაჩნია, რომ რუსეთი "ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს აჭიანურებს".

ჰაინრიხის ცნობით, ამჟამად ადმინისტრაციაში "მომდევნო ნაბიჯებს" განიხილავენ.

"მეუბნებიან, რომ სანქციების სისრულეში მოყვანა ამჟამად დაბალ დონეზეა - არაფორმალური გაზომვებით, დაახლოებით "10-დან მე-3 დონეზე" - და რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" აკრძალვა, რომელსაც ბალტიის ზღვის გავლით არაკანონიერი ნავთობი გადააქვს მარტივი სამიზნე იქნება წნეხისთვის". - წერს ჰაინრიხი.

მისი თქმით, Fox-ს აცნობეს, რომ ფლოტი უკვე დასანქცირებულია, ხოლო რუსული არაკანონიერი ნავთობის გაყიდვების 70% მათი ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ხდება.

მანამდე, 30 მარტს, NBC News-ის ინფორმაციით, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.

NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".

ხოლო ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება ან დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.

კომენტარები