სიბიგა: უკრაინამ აშშ-სთან წიაღისეულზე შეთანხმების ტექსტზე კონსულტაცია უკვე დაიწყო

ანდრიი სიბიგა
RBC

უკრაინამ აშშ-სთან სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაიწყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ 1 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ მისმა უწყებამ 28 მარტს ამერიკული მხრიდან სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების ახალი ტექსტი მიიღო.

მისი თქმით, აშშ-სთან ამ დოკუმენტის ტექსტზე ერთი საკონსულტაციო რაუნდი უკვე ჩატარდა.

"ჩვენ გვაქვს საკუთარი კანონმდებლობა ასეთი ტიპის დოკუმენტების შემუშავებისათვის. შესაბამისად, უკვე გატარებულია საჭირო პროცედურები, რათა დაიწყოს შიდა სახელმწიფოებრივი პროცესების გავლა" - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, უკრაინა მიიჩნევს, რომ შეთანხმების ტექსტი, რომელიც უკრაინაში ამერიკული მსხვილი ბიზნესის არსებობას გულისხმობს, ასევე წარმოადგენს ინვესტიციას უკრაინის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაში.

"ამერიკული ბიზნესის გაძლიერებული ჩართულობა უკრაინაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ვიმუშავებთ ამერიკელ კოლეგებთან შეთანხმებისთვის ორმხრივად მისაღები ტექსტის მისაღწევად" - ამბობს სიბიგა.

კომენტარები