რუსული რეჟიმი

ბულაი: ხოშტარია და ყველა უკანონოდ დაკავებული მომიტინგე უნდა გათავისუფლდეს

ლიბერალ-დემოკრატების (ALDE) ჯგუფის თავმჯდომარემ და PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ დაწერა, რომ ALDE-PACE კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებითა და მასზე ძალადობით გაოგნებულია და ხოშტარიასა და ყველა უკანონოდ დაკავებული მომიტინგის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ბულაიმ X-ზე დაწერა.

"ALDE-PACE შოკირებულია პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას უსამართლო დაკავებითა და მის წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობით. ეს არის საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ურცხვი და უწყვეტი უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. [...]

ელენე ხოშტარია და საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული მომიტინგე უნდა გათავისუფლდეს და პოლიციის ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ". - წერს ბულაი. 

მანამდე, ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა და მის მიმართ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ილაპარაკა.

ხოშტარიას თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ყბებზე და კბილებზე დაზიანებები მიაყენეს, დროებითი დაკავების იზოლატორში კი ძალით გააშიშვლეს. 

ელენე ხოშტარია პარლამენტთან აქციაზე გუშინ დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები