ქართული ოცნების მხარდამჭერი ყოფილი პრორუსი ირლანდიელი ევროპარლამენტარი მიკ უოლასი, რომელიც ცნობილია იმით, რომ მუდმივად იზიარებს რუსეთის, ჩინეთის, ირანის, სირიისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების სამთავრობო პროპაგანდისტულ ნარატივებს, 24 მარტს იემენელი ჰუსიტების სპიკერს შეხვდა.
"დიდი პრივილეგია იყო ჰუსიტების სპიკერ იაჰია სარისთან შეხვედრა, რომელმაც ამდენი გააკეთა იემენისა და პალესტინისთვის სამართლიანობისთვის ბრძოლაში". - დაწერა უოლასმა და X-ზე ტერორისტული დაჯგუფების სპიკერთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.
X-ზე გავრცელებულ სხვა პოსტებში ყოფილი ევროპარლამენტარი "ტერორისტულ აქტებად" მოიხსენიებს ბოლო პერიოდში აშშ-ს მიერ იემენელ ჰუსიტებზე მიტანილ იერიშებს.
ბოლო დღეებში აშშ-მ იემენში ჰუსიტებზე "გადამწყვეტი და ძლიერი" საჰაერო იერიშები მიიტანა, როგორც ეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერიშის დაწყებამდე Truth Social-ზე გამოაცხადა.
ტრამპი წერდა, რომ "ირანის დაფინანსებით" ჰუსიტები წითელ ზღვაში ამერიკისა და მოკავშირეების გემებს, თვითმფრინავებსა და დრონებს თავს ესხმოდნენ, რაც აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკას აზარალებს, რის გამოც ჰუსიტებს "ჯოჯოხეთი დაატყდებოდათ თავს".
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იემენელ ჰუსიტებზე იერიშებს აშშ მანამდე გააგრძელებს, სანამ ტერორისტულ დაჯგუფებას რეგიონში კომერციულ და სამხედრო გემებზე იერიშების მიტანის უნარი აღარ ექნება.
-
იემენელი ჰუსიტების მტკიცებით, ამერიკულ ავიამზიდზე იერიში მიიტანეს
-
რუბიოს თქმით, ჰუსიტებზე იერიშები გაგრძელდება, სანამ ისინი გემებზე იერიშებს ვეღარ შეძლებენ
ირანის მხარდაჭერით ჰუსიტები 2023 წლის ნოემბრიდან ადენის ყურესა და წითელ ზღვაში გამავალ სავაჭრო გემებს რაკეტებითა და დრონებით ესხმიან თავს. ჰუსიტები ისრაელს მტრად მიიჩნევენ - უთქვამთ, რომ ისინი გემებს პალესტინელების მხარდაჭერისთვის ესხმიან თავს, ხოლო მათი სამიზნე მხოლოდ ის გემებია, რომლებიც ისრაელთან, აშშ-სთან ან გაერთიანებულ სამეფოსთანაა დაკავშირებული. თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2023 წლიდან ჰუსიტების სამიზნე სხვა ქვეყნების გემებიც გამხდარან.
ცნობისთვის, 23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიკ უოლასმა რუსული კანონის განხილვის დროს ქართული ოცნების ნარატივი გაიზიარა და ის ევროპარლამენტარები გააკრიტიკა, რომლებმაც რუსული კანონის წინააღმდეგ შეხედულებები გამოთქვეს.
უოლასი ევროპარლამენტში მუდმივად ეწინააღმდეგებოდა რეზოლუციებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის რუსეთს აკრიტიკებენ. უფრო მეტიც, 2022 წლის იანვარში, როდესაც რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარისკაცების მობილიზების პროცესში იყო, უოლასმა NATO-სთან მიმართებით რუსეთის მობილიზაცია შეაფასა, როგორც "ცხადად თავდაცვითი" ქმედებები.
ამასთანავე, იგი NATO-ს გაუქმებას ემხრობა. მან 52 პარლამენტართან ერთად, 598-ის წინააღმდეგ, მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის $1.2 მილიარდის სესხის გაცემას.
2022 წლის მარტში უოლასმა მხარი არ დაუჭირა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობდა. მანვე მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას უგზავნიდა.
ამასთანავე, უოლასი ეწინააღმდეგებოდა უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთზე სანქციების დაწესებას, ხოლო 2022 წლის ნოემბერში მან მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აცხადებდა.
ამ ყოველივეს ისიც ემატება, რომ 2021 წელს მან უარყო, რომ ჩინეთში უიღურების მასობრივი დაკავებების მტკიცებულება არსებობს და განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის შემადგენელი ნაწილია.
2018 წელს უოლასმა ასევე უარყო ცნობები, რომ სირიის მმართველმა ბაშარ ალ ასადმა ქალაქ დუმაზე თავდასხმისას ქიმიური იარაღი გამოიყენა. 2021 წელს მან განაცხადა, რომ ასადის რეჟიმი სირიას "გენოციდური ექსტრემისტებისგან" იცავს და რომ იგი სირიის მთავრობაზე სანქციების დაწესების მოწინააღმდეგეა.
საყურადღებოა ისიც, რომ 2022 წელს უოლასმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას "დასავლური ნეოლიბერალიზმის პაიკი" უწოდა, ხოლო ამავე წელს, როდესაც მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, უოლასმა დემონსტრანტები გააკრიტიკა და ძალადობრივ ქმედებებში დაადანაშაულა.