საქართველო-სერბეთი

გვაქვს შიდაპოლიტიკური მსგავსი გამოწვევები – სამხარაძე სერბეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის წარმომადგენელი ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში, სერბეთში იმყოფება.

სამსახურის ინფორმაციით, სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სერბეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და  საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარინა რაგუშთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე შეხვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერს და  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ელვირა კოვაჩს და კომიტეტის წევრებს.

სამხარაძის თქმით, საქართველოს და სერბეთის საგარეო პოლიტიკური ამოცანა ევროკავშირში გაწევრიანებაა და ორივე ქვეყანას მსგავსი შიდაპოლიტიკური გამოწვევები აქვს.

"საქართველოსა და სერბეთს საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ. პირველ რიგში, ორივენი ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, შიდაპოლიტიკური მსგავსი გამოწვევები.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, უპირობოდ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში.

იმედი გვაქვს, უახლოეს თვეებში თბილისში გაიხსნება სერბეთის საელჩო, ასევე სერბეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გადაიქცევა სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ვაჭრობის, ტურიზმის ზრდის პერსპექტივა". - თქვა სამხარაძემ.

კომენტარები