აშშ

FBI-მ Tesla-ზე თავდასხმების გამოსაძიებლად სპეციალური ჯგუფი შექმნა

ტესლა

აშშ-ს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) შექმნა 10-კაციანი სპეციალური ჯგუფი, რომელიც Tesla-ს ელექტრომობილებსა და დამტენ სადგურებზე განხორციელებულ ცეცხლის წაკიდების შემთხვევებს გამოიძიებს.

ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.

ოპერატიულ ჯგუფში შედიან ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიუროს (ATF) აგენტები, ასევე FBI-ის კონტრტერორისტული განყოფილების წარმომადგენლები — ბიურო აღნიშნულ ინციდენტებს "შიდა ტერორიზმად" აფასებს.

ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო თავის თანამშრომლებს ასევე FBI-ის სან-ანტონიოს (ტეხასის შტატი) ადგილობრივ განყოფილებაში აგზავნის, სადაც Tesla-ს ავტომობილებზე თავდასხმები მოლოტოვის კოქტეილებით განხორციელდა.

ბოლო პერიოდში, ილონ მასკის წინააღმდეგ აქტიურად იმართება ე.წ. Tesla Takedown სახელით ცნობილი პროტესტები. მასკი მონაწილეობს ფედერალური სამუშაო ძალის მასშტაბურ შემცირებაში, რომელიც ტრამპის ბრძანებით ხორციელდება, ასევე კონტრაქტების გაუქმებაში, რომლებიც ჰუმანიტარულ პროგრამებს აფინანსებს მთელ მსოფლიოში. ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, გასულ კვირას ლას ვეგასში, Tesla-ს ცენტრს იარაღითა და მოლოტოვის კოქტეილებით ერთი პირი დაესხა თავს. 

თავდამსხმელმა Tesla-ს მანქანებს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა და რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა ხუთი მანქანა, მათგან ორი დაიწვა.

თავდამსხმელმა Tesla-ს ცენტრის კარებზე წითლად დაწერა "RESIST" (გაუწიე წინააღმდეგობა). 

12 მარტს Tesla-ს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელისა და მისი მოკავშირის, ილონ მასკის მხარდასაჭერად აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ Tesla-ს დილერებზე ძალადობა შინაურ ტერორიზმად შეფასდება, ხოლო დამნაშავეები
"ჯოჯოხეთს გაივლიან".

"ისინი დიდ ამერიკულ კომპანიას ავნებენ" – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში, პროტესტანტებზე საუბრისას. მის გვერდით იდგა ილონ მასკი, ხოლო, თეთრი სახლის რეზიდენციასა და გაზონებს შორის, რიგში ჩალაგებული იყო რამდენიმე Tesla-ს (TSLA.O) ავტომობილი. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჰარისონ ფილდსმა აღნიშნა, რომ "რადიკალი მემარცხენე აქტივისტების მხრიდან Tesla-ს წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი ძალადობრივი ქმედებები არაფრით განსხვავდება შინაური ტერორიზმისგან".

კომენტარები