გენეტიკური ტესტირების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ამერიკულმა კომპნანიამ, 23andMe-მ 24 მარტს გაკოტრების შესახებ გამოაცხადა და ამჟამად ახალ მყიდველს ეძებს.
კომპანიის განცხადებით, მისი აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, ენ ვოჟიცკი, გადადგა და დროებითი აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას კომპანიის ფინანსური და საბუღალტრო დირექტორი, ჯო სელსავეჯი შეასრულებს.
23andMe-მ ნოემბერში "რესტრუქტურიზაციის გეგმის ფარგლებში" თანამშრომლების 40%-ით შემცირების შესახებ განაცხადა. აქამდე ორი თვით ადრე კომპანიის მმართველი საბჭოს ყველა წევრმა თანამდებობა დატოვა.
"მოველით, რომ სასამართლოს ზედამხედველობით მიმდინარე პროცესი დაგვეხმარება იმ ოპერატიული და ფინანსური გამოწვევების დაძლევაში, რომლებსაც ვაწყდებით — მათ შორის, დამატებითი ხარჯების შემცირებასა და იურიდიული თუ იჯარის ვალდებულებების გადაჭრაში [...] ჩვენ გვჯერა ჩვენი ადამიანური რესურსისა და აქტივების ღირებულების და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი საშუალებას მისცემს ჩვენს მისიას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებისთვის საკუთარ გენომთან წვდომაში და მის გაგებასა და სარგებლის მიღებაში დახმარებას, გაგრძელდეს მომხმარებლებისა და პაციენტების სასარგებლოდ" - ნათქვამია 23andMe-ის საბჭოს თავმჯდომარის, მარკ ჯენსენის განცხადებაში.
23andMe მომხმარებელსორი ძირითადი ტიპის სერვისს სთავაზობს - სამომხმარებლოს და თერაპიულს. S&P Capital IQ-ის მიხედვით, პირველი მომხმარებლებს ინდივიდუალური წარმოშობის, წინაპრების და ჯანმრთელობის პროფილის შესახებ აწვდის ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლებს სთავაზობენ ინფორმაციას გენეტიკური დაავადებების შესახებ და რამდენად აქვთ კონკრეტული დაავადების შვილებისთვის გადაცემის შანსი. თერაპიული განყოფილება კი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაზე და კვლევებზე მუშაობს, განსაკუთრებით კიბოს, იმუნური დაავადებებისა და სხვა დაავადებების მიმართულებით.
კომპანიის წინაშე არსებულმა სირთულეებმა მომხმარებლების გენეტიკური მონაცემების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. აღნიშნული მონაცემები, სხვა ყველაფერთან ერთად, ადამიანის წარმოშობის დადგენისთვისაც გამოიყენება.
გაკოტრებისგან დაცვის მოთხოვნისას, კომპანიამ აღნიშნა, რომ მომხმარებელთა მონაცემების მართვისა და დაცვის პრაქტიკაში არავითარი ცვლილება არ შევა.
გაკოტრების შესახებ გამოქვეუნებულ განცხადებაში, 23andMe-მ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის აქტივების ნებისმიერი მყიდველი ვალდებული იქნება მომხმარებელთა მონაცემების დაცვის შესახებ მოქმედი კონფიდენციალურობის კანონები დაიცვას.
ასევე, 23andMe მომხმარებლებს საკუთარი ანგარიშის წაშლის საშუალებას აძლევს. ამისთვის საჭიროა, მომხმარებელი საკუთარი ანგარიშით სისტემაში შევიდეს და წაშლის მოთხოვნა გაგზავნოს.
კომპანიამ გაკოტრებისგან დაცვის მოთხოვნით, მისურის აღმოსავლეთ ოლქის აშშ-ს გაკოტრების სასამართლოში შეიტანა განაცხადი. 23andMe-ს თქმით, თუკი სასამართლო დაამტკიცებს განცხადებას, კომპანია 45-დღიან ვადაში დაიწყებს პოტენციური მყიდველებისგან წინადადებების მიღებას და, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონსაც გამართავს.





