რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზახაროვა: იმედია, აშშ-მ უკრაინისთვის შეიარაღების შეწყვეტის მოთხოვნა გაიგო

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ აშშ-მ გაიგო მათი მოთხოვნა უკრაინისთვის სამხდრო და სადაზვერვო დახმარების შეწყვეტაზე და მას "უკრაინის კრიზისის ესკალაციის თავიდან აცილების მთავარ პირობად აღიქვამს".

"ბუნებრივია, რომ ვისაც მშვიდობის მიღწევა სურს, ტერორისტული ბანდის მილიტარიზაციის შეწყვეტას დაუჭერს მხარს" - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

ზახაროვას რწმუნებით, აშშ-ს მიერ კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნებს ეწინააღდეგება.

"იქ არის სპეციალური პასაჟები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ მშვიდობისკენ, მოლაპარაკებების პროცესისკენ მოძრაობის აუცილებელი პირობა უნდა გახდეს დემილიტარიზაცია, კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა და სხვა. გადახედეთ, ამისთვის ბმულს მოგაწვდით, სრულ ციტატას წარმოგიდგენთ. რა თქმა უნდა, აშშ-ს მიერ კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება წინააღმდეგობაში მოდის დეკლარირებულ მიზნებთან – მშვიდობის მიღწევასა და სიტუაციის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით დარეგულირებასთან" - თქვა ზახაროვამ.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისადმი ამერიკის სამხედრო დახმარება არ განუხილავს.

18 მარტს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარეები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ხოლო ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა უარყო, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება მოითხოვა.

"არა, მას არ მოუთხოვია, ჩვენ დახმარებაზე არ გვილაპარაკია, ფაქტობრივად ჩვენ საერთოდ არ განგვიხილავს დახმარება". - თქვა ტრამპმა.

"ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარება არასდროს განგვიხილავს". - დაამატა მან.

 

კომენტარები