თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ქართული ოცნების გენერალური პროკურატურის მიერ ორგანიზაციისა და სხვა ფონდების ანგარიშების დაყადაღებასა და დაწყებულ გამოძიებას განცხადებით ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა - HRHT და მისი წევრი ორგანიზაციები (ადამიანის უფლებათა ცენტრი, მედიის ინსტიტუტი, საფარი, უფლებები საქართველო, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)) შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ:
- პროკურატურას: სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შესაძლებელი გახდეს უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება.
- სააპელაციო სასამართლოს: განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება
"საქალაქო სასამართლოს განჩინება აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ ჩაგვბარდა. ჩვენი შეფასებით, როგორც პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, ისე ყადაღის დადების შესახებ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. ეს არის ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის კიდევ ერთი მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე, რაც აშკარად წარმოადგენს ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვის მცდელობას. უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ჯარიმების გადახდას ჩვენ მივიჩნევთ სოლიდარობის გამოხატულებად. თანადგომა და ადამიანების სიღარიბისგან დაცვა არის ქართული კულტურის და ტრადიციის განუყოფელი ნაწილი." - წერს HRHT.
ცნობისთვის, 17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.