რუსული რეჟიმი

სასამართლომ ჩვენი გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო – გორის ხელოვნების სახლი

გორის ხელოვნების სახლის ცნობით, სასამართლომ 6 მარტს ხელოვნების სახლის შენობიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ სახლის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და აღნიშნულის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ოქმიდან შეიტყვეს.

"სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 25 დეკემბერს ცალკე სასამართლო დავა დაიწყო სივრციდან ჩვენი გამოსახლების შესახებ! სასამართლო სხდომა 6 მარტს ჩვენ გარეშე ჩატარდა, რადგან როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ოქმიდან ირკვევა, ორი თვის განმავლობაში - ვერც გორის მერიამ, ვერც სასამართლომ და ვერც პოლიციამ "ვერ გვიპოვა", რათა სარჩელის ასლი და სხდომის დეტალები გადმოეცათ. შედეგად, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩვენი გამოსახლების შესახებ, რომლის ჩასაბარებლადაც ჩვენი პოვნა აღარ აღმოჩნდა პრობლემა.

ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევა! გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და გელით 2 აპრილს, 15:00 საათზე იმის მოსასმენად, თუ როგორ ვერ იპოვა სასამართლომ ორი თვის მანძილზე ორგანიზაცია, რომელსაც ქალაქში ყველა იცნობს და კიდევ ერთი მიმდინარე დავა აქვს ამავე საკითხზე, სადაც კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა". - წერს ხელოვნების სახლი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2024 წლის 18 დეკემბერს ხელოვნების სახლის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე კოლაბორაციული გამოფენის გახსნიდან 5 დღეში გორის მერიისგან უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტაზე წერილი მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მერიას სჭირდება ხელოვნების სახლის სივრცე, რადგან "მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი ქონება".

გორის მერიამ, 2024 წლის 16 დეკემბერს, საჯარო რეესტრს ორგანიზაცია გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

უზუფრუქტის ხელშეკრულებით, სივრცე სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა გორელ ფოტოგრაფთა კლუბს.

2024 წლის 17 ნოემბერს გორის ხელოვნების სახლში საპროტესტო ინსტალაციაა განათავსეს, სადაც კედლებზე გაკეთებულ სხვადასხვა წარწერას შორის იყო - "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!"

კომენტარები