კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია, პროკურატურის მიერ ვატო შაქარაშვილის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ფონდის ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურნენ.
გვარამიას განცხადებით, ფონდების დაყადაღების შემდეგ, "საბოტაჟის საქმის" ფარგლებში, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან დაყადაღებულები.
"ჩვენ ამ ქვეყანაში ყველასგან ყველაფერს ველოდებით და ბუნებრივია რომ ფონდების დაყადაღება არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი ამბავი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ამის შემდეგ, "საბოტაჟის საქმეზე" ცხადია, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან დადანაშაულებული, მაგრამ ძალიან არასწორი ადრესატია ნანუკა ჟორჟოლიანი. თუ ვინმესგან შიში არასდროს მინახავს, საკუთარ თავზე მეტად, ეს შემიძლია ნანუკა ჟორჟოლიანზე ვთქვა.
ჩვენ არ ჩაგიგდებთ ხელში ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები აკეთა, არც სხვა ფონდებს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ეს სადამდე მიდის. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სიკეთეს აყადაღებს ბოროტება. როცა სიყვარულს აყადაღებს სიძულვილი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ქართული ოცნება, როცა ევროპას აყადაღებს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ეს ვიცით და ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ" - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიასვე განცხადებით, საქართველო ბელარუსი გახდება, თუ ეს ვითარება ძალიან მალე არ შეიცვლება.
"საქართველო ბელარუსი არ იქნება", ჩვენ ეს ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი, მაგრამ საქართველო ბელარუსი იქნება, თუ ჩვენ ძალიან მალე ამ ვითარებას არ შევცვლით. საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი ხდება ერთი შეხედვით, მაგრამ ამ რეჟიმისგან წარმოუდგენელი არაფერი არ არის.
გუშინ დააყადაღეს 4 ფონდი: ნანუკას ფონდი, პროსფერითი ჯორჯია - ე.წ. გილაურის ფონდი, ფონდი ერთმანეთისთვის და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ეს იცით, რა ფონდებია? ეს არის ფონდები, რომელიც ეხმარებიან მაგალითად, პატიმრების ოჯახებს.
ამ ყადაღით, დღეს პატიმრები, რომლებიც ისედაც უკანონო პატიმრები არიან, ისინი და მათი ოჯახის წევრები დარჩებიან მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე. ყველა პატიმარმა და პატიმრის ოჯახმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ფინანსური დახმარება, მორალურიც, მაგრამ აუცილებლად ფინანსურიც.
ეს იცით რა ფონდებია? განსაკუთრებით, ნანუკას ფონდი, რომელმაც ამ ქვეყანაში მართა გურიის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს. ეს ის ფონდებია, რომელიც უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს, ჯარიმებს უხდის" - თქვა გვარამიამ.
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამ ფონდების მიმართ სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძიებული.
"ვერცერთმა რეჟიმმა, ვერც დაჭერით, ვერც ცემით, ვერც დაშინებით, ვერც ზარებით ვერაფრით დააშინა ჩვენი მოქალაქეები, ამან ავტომატურად გამოიწვია უდიდესი სოლიდარობის მოძრაობა. შეიქმნა ფონდები, სოლიდარობის სივრცე გაჩნდა, სადაც მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გვერდით დამდგომოდნენ ყველას, ვისაც რეჟიმი ებრძვის.
ახლა თანადგომა სჭირდებათ ამ ფონდებს და მათ ეს თანადგომა ექნებათ. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეჟიმს მიუხედავად იმისა, როგორი ძალის დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს, ეშინია ჩვენი ერთობის, ჩვენი პროტესტის და ჩვენი სოლიდარობის. ამიტომ, გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკას მიმართ, ასევე ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის". - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, 17 მარტს, სწორედ ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.