რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 3.5 მილიარდი ევროს დახმარების ახალი ტრანში დაამტკიცა

Frederick Florin / AFP

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის, Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში, 3.5 მილიარდი ევროს დახმარების ახალი ტრანში დაამტკიცა.  

ეს არის მესამე ტრანში, რომელიც Ukraine Facility-ის ფარგლებში კიევმა მიიღო. უკრაინამ ამ თანხის მისაღებად ევროპული საბჭოს მიერ დაწესებული 13 მოთხოვნა შეასრულა, მათ შორის:  

  • განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდის ხელშეწყობის რეფორმები;  
  • ენერგეტიკული რეგულატორის ავტონომიის გაზრდა;  
  • საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;  
  • სოფლის მეურნეობისა და სოფლის რაიონების განვითარების სტრატეგიის მიღება;  
  • სტრატეგიული და კრიტიკული ნედლეულის ჩამონათვალზე მუშაობის გაგრძელება.  

„უკრაინის გეგმა ასახავს ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის ხედვას, ასევე რეფორმების განხორციელების ვადებს, რომლებიც დაგეგმილია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,“ – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.  

Ukraine Facility არის ევროკავშირის ფინანსური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას ომის დროსა და შემდგომი აღდგენის პროცესში.  

Ukraine Facility-ის პროგრამა ერთი წლის წინ ამოქმედდა და ამ მესამე ტრანშის ჩათვლით, უკრაინას მის ფარგლებში, გრანტებისა და სესხების სახით, თითქმის 20 მილიარდი ევროს დახმარება აქვს მიღებული.

კომენტარები