რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიომ უკრაინაში ომის დასრულების A და B გეგმებზე ისაუბრა

მარკო რუბიო
CNN.com

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS News-ის ჟურნალისტთან ინერვიუს დროს უკრაინაში ომის დასრულების A და B გეგმებზე ისაუბრა

"რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. ეს კომპლექსური, სამ წლიანი კონფლიქტია, რომელსაც ფართო სამხედრო ფრონტი აქვს და მრავალი სირთულე ახლავს. არავინ ამბობს, რომ ეს მარტივი პროცესია, მაგრამ გვსურს, ყველასთვის გასაგები იყოს ჩვენი გეგმა. გეგმა A - პირველ რიგში, უნდა შეწყდეს სროლა, რომ გეგმა B-ზე, მეორე ფაზაზე გადავიდეთ, რაც ყველა მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას გულისხმობს. შესაძლოა, ეს უშუალო მოლაპარაკებებით ან დიპლომატიური შუამავლობის გზით მოხდეს, რათა კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი დასრულების გზა ვიპოვოთ, რომელიც თითოეული მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს" - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

რუბიოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გეგმის მეორე ნაწილი მარტივი არ არის, მასზე გადასვლა სროლის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით ითხოვს ტრამპი ცეცხლის შეყვეტას. 

"არავინ ამბობს, რომ ეს მეორე ნაწილი მარტივია, თუმცა მასზე გადასვლა პირველი ეტაპის გარეშე შეუძლებელია. ძნელია ომის გრძელვადიან დასრულებაზე მოლაპარაკება, როდესაც მხარეები კვლავ იბრძიან. სწორედ ამიტომ ითხოვს პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტას. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ, იმის დაშვებით, რომ ამას შევძლებთ. თუმცა, ეს თავისთავად რთული ამოცანაა.

თუ ეს შევძელით, შემდეგ გადავალთ მეორე ფაზაზე - უფრო მტკიცე და გრძელვადიანი შეთანხმების მოლაპარაკებებზე. ეს იქნება რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს ორივე მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს, მაგრამ აუცილებელია. ეს ომი არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. პრეზიდენტი ამას მკაფიოდ აცხადებს და ყველაფერს აკეთებს, რათა ომს ბოლო მოეღოს" - თქვა რუბიომ.

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.

ამავე დღეს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია, თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებულები არ არიან.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.

18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.

შეხვედრაზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია ჰქონდა უკრაინისა და ევროპის ლიდერებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა კიევში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

აშშ-რუსეთის შეხვედრის პარალელურად პარიზში საგანგებო სამიტი გამართა ემანუელ მაკრონმა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა რამდენიმე ევროკავშირის ლიდერიც ესწრებოდა.

მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.

კომენტარები