რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ და კონტინგენტზე მუშაობისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Pravda.ua

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ "კოალიციის მსურველთა" შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის განთავსებაზე ელაპარაკა. მისივე თქმით, რუსეთის მოსაზრების გათვალისწინება კონტინგენტთან დაკავშირებით ცუდი გზავნილია, რადგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის "საქმე არ არის". 

ამის შესახებ ზელენსკიმ "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრის შემდეგ დაწერა. 

"ეს [ზეწოლა] მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ განგრძობითად უნდა გაზლიერდეს. მე გთხოვთ, რომ ეს ნაბიჯები გადადგათ და თქვენს პარტნიორებთან ამაზე იმუშაოთ. 

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნათელი პოზიცია უნდა განვსაზღვროთ. უსაფრთხოება მშვიდობის სანდოობისა და გამძლეობისთვის საკვანძოა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა კონტინგენტებზე, რომლებიც ევროპის მომავალი შეიარაღებული ძალების საფუძველი იქნება. ადგილზე ევროპული კონტინგენტებით და ამერიკული მხარის მხარდაჭერით მშვიდობა უფრო სანდო იქნება. ამის მუშაობასთან დაკავშირებით ნათელი ვალდებულებები უნდა არსებობდეს. [...]

ეს ძალიან ცუდი გზავნილია - რუსეთის მოსაზრების გათვალისწინება კონტინგენტთან დაკავშირებით. კონტინგენტი უკრაინის მიწაზე უნდა განთავსდეს. ეს უსაფრთხოების გარანტიაა უკრაინისთვის და უსაფრთხოების გარანტიაა ევროპისთვის. თუ პუტინს რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული უცხოური კონტინგენტის მიყვანა სურს, ეს მისი საქმეა, მაგრამ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი რამის გადაწყვეტა მისი საქმე არ არის". - წერს ზელენსკი. 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი უკრაინისა და ევროპის ქვეყნების თავდაცვის სფეროში ინვესტიციებს შეეხო და ევროპელ ლიდერებს მისი გაზრდისკენ მოუწოდა. მანვე დაამატა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება ასევე მნიშვნელოვანია. 

"იგივე ეხება თავდაცვის წარმოებაში ინვესტიციებს, როგორც უკრაინაში, სადაც ახლა ის [ინვესტიცია] ყველაზე სწრაფად იზრდება, ისევე ევროპულ ქვეყნებში. ევროპას თავისი არსენალი და შესაძლებლობები სჭირდება, რათა ყველაზე განვითარებული იარაღები აწარმოოს. საბრძოლო მასალის წარმოებას 3-იდან 5 წლამდე დრო არ უნდა სჭირდებოდეს, როდესაც საქმე თქვენს თავდაცვასა და უსაფრთხოებას ეხება. გთხოვთ, გააკეთეთ ეს, რაც შეიძლება სწრაფად. 

ასევე გთხოვთ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება არ დაგავიწყდეთ, როგორც უკრაინაში, და სამომავლოდ თქვენს ქვეყნებშიც. თავდაცვა ყველას გვჭირდება. მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამაში გვეხმარება". - წერს ზელენსკი. 

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მშვიდობას აჭიანურებს და საჭიროა, რომ მასზე ზეწოლა გაძლიერდეს. მისივე თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა მშვიდობა შეაფერხოს. 

"ევროპელი ლიდერების შეხვედრას მივმართე და განვაცხადე, რომ მშვიდობისკენ გზა უპირობოდ უნდა დაიწყოს და თუ ეს რუსეთს არ სურს, მაშინ ძლიერი ზეწოლა არის საჭირო მანამ, სანამ ენდომებათ. მოსკოვს მხოლოდ ერთი ენა ესმის. [...]

ვსაუბრობდით, თუ ვინ დააყოვნებდა მშვიდობას და ყველაფერს შეანელებდა და ახლა ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ. ცეცხლის შეწყვეტა უკვე მოხერხდებოდა, მაგრამ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ მას თავი აარიდოს. [...]

ეს რუსეთის ომია - სრულმასშტაბიანი ბრძოლისა და განადგურების სამ წელიწადზე მეტი. ამის შესაჩერებლად, არა მხოლოდ მოლაპარაკებები, არამედ აქტიური ზეწოლა არის საჭირო, ზეწოლა რუსეთზე. ომის დასასრულებლად პირველივე ნაბიჯების გადასადგმელადაც კი ძლიერი ზომების მიღება არის საჭირო". - წერს ზელენსკი.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი ბრძოლის ველზე ვითარების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ცნობები კურსკის ოლქში უკრაინული ერთეულებისთვის "ალყის" შემორტყმის შესახებ მცდარია და ისინი კურსკის ოპერაციას განაგრძობენ. ზელენსკის თქმით, პუტინი ასევე იტყუება, რომ ცეცხლის შეწყვეტა რთულია.

"პუტინი ბრძოლის ველზე ვითარების შესახებ ყველას ატყუებს, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ რა ხდება კურსკის რეგიონში, სადაც ჩვენი უკრაინული ძალები ოპერაციას განაგრძობენ. ჩვენმა ძალებმა ასევე დაასტაბილურეს ვითარება ფრონტზე დონეცკის რეგიონში, კერძოდ, პოკროვსკში. 

პუტინი ასევე იტყუება იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტა თითქოს ზედმეტად რთულია. სინამდვილეში, ყველაფრის კონტროლირება შეიძლება და ეს ამერიკელებთან განხილული გვაქვს. სიმართლე ის არის, რომ პუტინმა ომი თითქმის ერთი კვირით უკვე გაწელა ჯედაში მოლაპარაკებების შემდეგ და მის გაწელვას გააგრძელებს". - წერს ზელენსკი. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის არმიის მიერ "ალყაშემორტყმული" უკრაინელების დანდობა სთხოვა. 

უკრაინის გენშტაბი "ალყის" შესახებ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს რუსული დეზინფორმაციაა, რომელიც უკრაინაზე ზეწოლას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. 

პუტინი ირწმუნება, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) ნაწილი "ბლოკირებულია". 

დღეს, 15 მარტს, "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სიტყვით სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოვიდნენ. 

"მსურველთა კოალიციის" შეხვედრას, მათ შორის, ევროპული კომისია, ევროპის ქვეყნები, NATO, კანადა, უკრაინა, ავსტრალია და ახალი ზელანდია დაესწრნენ. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, "მსურველთა კოალიციის" სამხედრო გეგმები უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შესახებ "ოპერაციულ ფაზაში" გადადის. მისივე თქმით, კოალიციის წევრი ქვეყნების სამხედროები 20 მარტს შეხვდებიან, რათა "სამშვიდობო შეთანხმების გასამყარებლად და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მტკიცე და ძლიერი გეგმები შეიმუშაონ". 

ჟურნალისტებთან საუბრისას გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ომთან დაკავშირებით ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ.

სტარმერმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "აბსოლუტურად ერთგულია გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ, რომელიც უკრაინაში არის საჭირო და ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, ეს მიზანი ამოძრავებს". 

2 მარტს, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა წამოიწყეს იდეა, რომ ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. მიუხედავად მოლაპარაკებების პროგრესისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიციის წარმატებისთვის ევროპას "მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა" სჭირდება.  

სტარმერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში, თუმცა თქვა, რომ "რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, გახდეს იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ".  

გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 6 მარტს დაადასტურა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა "ევროპელი და [ერთა] თანამეგობრობის პარტნიორები" არიან.  

ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა კოალიციაში გაწევრიანების მზადყოფნა, მათ შორის კანადამ, ირლანდიამ და თურქეთმა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებას, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ავსტრალიაც აპირებს. 

11 მარტს გამოცემა AP-ს ფრანგმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ პარიზში ფრანგულ-ბრიტანული გეგმა 30-ზე მეტი სახელმწიფოს სამხედრო მაღალჩინოსანს იმ დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე წარედგინა. ხოლო მეორე ეტაპზე "უფრო ზუსტი და კონკრეტული" დისკუსიები გაიმართება, სადაც მონაწილეებს მიიწვევენ, რათა მათ განაცხადონ, როგორ შეძლებენ მათი ჯარები გეგმის შესრულებაში წვლილის შეტანას.

Associated Press-ის ინფორმაციით, პარიზში დაგეგმილ შეხვედრას თითქმის NATO-ს ყველა წევრი სახელმწიფო დაესწრო, აშშ-ს გარდა.

მაღალჩინოსნის თქმით, აშშ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, რადგან ევროპულ სახელმწიფოებს სურთ, აჩვენონ, რომ ევროპულ ქვეყნებს ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში უკრაინისთვის უსაფრთხოების გეგმების ძირითად ნაწილზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ.

კომენტარები