გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი აღნიშნავს, რომ უკრაინა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, რუსეთი კი შეთანხმების გაჭიანურებას ცდილობს. მისივე თქმით, "მსოფლიოს ქმედება სჭირდება" და "არა ცარიელი სიტყვები", ხოლო "მსურველთა კოალიცია" შეთანხმდა, რომ რუსეთზე ზეწოლას გაზრდის.
ამის შესახებ სტარმერმა "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აჩვენა და ეჭვგარეშე გახადა, რომ უკრაინა მშვიდობის მხარეა.
ვოლოდიმირი 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, მაგრამ პუტინი გაჭიანურებას ცდილობს, ამბობს, რომ საგულდაგულო კვლევა უნდა ჩატარდეს, სანამ ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდება. მსოფლიოს ქმედება სჭირდება და არა კვლევა, ცარიელი სიტყვები და პირობები. ამიტომ, ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია, ადრე თუ გვიან, პუტინს მაგიდასთან მოსვლა მოუწევს.
ამიტომ, ეს არის მომენტი. იარაღები უნდა დადუმდეს, უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაჩერდეს და ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდნენ.
მოდით, ნათლად ვთქვათ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი. კონფლიქტისა და ქაოსის მადა, რომელიც რუსეთს აქვს, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენთან სახლში უსაფრთხოებას ძირს უთხრის, ცხოვრების ფასს ზრდის, ენერგიის ფასს ზრდის, ამიტომ ეს გაერთიანებული სამეფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. [...]
შევთანხმდით, რომ რუსეთზე ზეწოლას გავზრდით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას შევინარჩუნებთ და რუსეთის ეკონომიკაზე შეზღუდვებს კვლავ გავამკაცრებთ, რათა პუტინის საომარი მანქანა დავასუსტოთ და მაგიდასთან მოვიყვანოთ. ასევე შევთანხმდით, რომ პოტენციური შეთანხმების მისაღწევად ჩვენი პრაქტიკული მუშაობა ავაჩქაროთ". - თქვა სტარმერმა.
გარდა ამისა, სტარმერის თქმით, "მსურველთა კოალიციის" სამხედრო გეგმები უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შესახებ "ოპერაციულ ფაზაში" გადადის. მისივე თქმით, კოალიციის წევრი ქვეყნების სამხედროები 20 მარტს შეხვდებიან.
ჟურნალისტებთან საუბრისას გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ომთან დაკავშირებით ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ.
სტარმერმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "აბსოლუტურად ერთგულია გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ, რომელიც უკრაინაში არის საჭირო და ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, ეს მიზანი ამოძრავებს".
დღეს, 15 მარტს, "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სიტყვით სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოვიდნენ.
"მსურველთა კოალიციის" შეხვედრას, მათ შორის, ევროპული კომისია, ევროპის ქვეყნები, NATO, კანადა, უკრაინა, ავსტრალია და ახალი ზელანდია დაესწრნენ.
2 მარტს, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა წამოიწყეს იდეა, რომ ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. მიუხედავად მოლაპარაკებების პროგრესისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიციის წარმატებისთვის ევროპას "მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა" სჭირდება.
სტარმერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში, თუმცა თქვა, რომ "რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, გახდეს იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ".
გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 6 მარტს დაადასტურა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა "ევროპელი და [ერთა] თანამეგობრობის პარტნიორები" არიან.
ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა კოალიციაში გაწევრიანების მზადყოფნა, მათ შორის კანადამ, ირლანდიამ და თურქეთმა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებას, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ავსტრალიაც აპირებს.
- AP: უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე შეხვედრას 30-ზე მეტი ქვეყნის მაღალჩინოსანი დაესწრება
- ავსტრალია უკრაინისთვის შექმნილ "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებას განიხილავს
11 მარტს გამოცემა AP-ს ფრანგმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ პარიზში ფრანგულ-ბრიტანული გეგმა 30-ზე მეტი სახელმწიფოს სამხედრო მაღალჩინოსანს იმ დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე წარედგინა. ხოლო მეორე ეტაპზე "უფრო ზუსტი და კონკრეტული" დისკუსიები გაიმართება, სადაც მონაწილეებს მიიწვევენ, რათა მათ განაცხადონ, როგორ შეძლებენ მათი ჯარები გეგმის შესრულებაში წვლილის შეტანას.
Associated Press-ის ინფორმაციით, პარიზში დაგეგმილ შეხვედრას თითქმის NATO-ს ყველა წევრი სახელმწიფო დაესწრო, აშშ-ს გარდა.
მაღალჩინოსნის თქმით, აშშ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, რადგან ევროპულ სახელმწიფოებს სურთ, აჩვენონ, რომ ევროპულ ქვეყნებს ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში უკრაინისთვის უსაფრთხოების გეგმების ძირითად ნაწილზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ.