დიდი შვიდეულის (G7) წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გეგმაზე არის საუბარი.
G7-ის წევრები რუსეთს თანაბარი პირობებით ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე თანხმობისკენ და მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. წევრი ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ფინანსურ ზომებს, მათ შორის, დამატებით სანქციებს, განიხილავენ.
გარდა ამისა, დიდი შვიდეულის წევრები წერენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ნდობის აღდგენის ზომები, მათ შორის, ტყვეების გათავისუფლება და უკრაინაში უკრაინელი ბავშვების დაბრუნება, აუცილებელია.
"მათ [დიდი შვიდეულის წევრებმა] განიხილეს რუსეთზე დამატებითი ხარჯების დაკისრება იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, მათ შორის, დამატებითი სანქციები, ნავთობის ფასებზე ზედა ზღვარის დაწესება, ასევე დამატებითი მხარდაჭერა უკრაინისთვის და სხვა საშუალებები. ეს რუსული სუვერენული აქტივებისგან მიღებული საგანგებო შემოსავლების გამოყენებას მოიცავს. G7-ის წევრებმა ხაზი გაუსვეს ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ნდობის აღმდგენი ზომების მნიშვნელობას, რაც, მათ შორის, მოიცავს ომის ტყვეებისა და პატიმრების გათავისუფლებას, როგორც სამხედროების, ისევე მოქალაქეების, და უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას". - წერია განცხადებაში.
დიდი შვიდეული ხაზს უსვამს ცეცხლის შეწყვეტის დაცვისა და მომავალში უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო განახლებული აგრესიის შესაკავებლად და აღმოსაფხვრელად უსაფრთხოების "მტკიცე და სარწმუნო" შეთანხმებების საჭიროებას.
გარდა ამისა, G7 აცხადებს, რომ უკრაინის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების კოორდინირებას გააგრძელებენ, რათა უკრაინის აღდგენას ხელი შეუწყონ.
G7-ის წევრებმა ხელახლა დაადასტურეს, რომ უკრაინას ურყევად მხარს უჭერენ "მისი ტერიტორიული მთლიანობის, არსებობის უფლების, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში".
დიდი შვიდეული უკრაინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს გეგმაზე დათანხმებას მიესალმება და აცხადებს, რომ "გაეროს ქარტიასთან შესაბამისობაში მყოფი, სრულფასოვანი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიმართულებით გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია".
გარდა ამისა, დიდმა შვიდეულმა ასევე დაგმო ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ჩინეთის მხრიდან რუსეთის ომის მხარდაჭერა.
"G7-ის წევრებმა დაგმეს რუსეთისთვის ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიერ სამხედრო დახმარების მიწოდება და ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებას ჩინეთის მიერ, რომელიც რუსეთის ომისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების აღდგენის გადამწყვეტი ხელშემწყობია. მათ გაიმეორეს თავიანთი განზრახვა, რომ ამგვარი მესამე ქვეყნების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა გააგრძელონ". - წერია განცხადებაში.
G7-ში შედის აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი.





