უნგრეთი რუსეთზე დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე ვეტოს მოხსნას დათანხმდა. სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთის 2400-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ვრცელდება, ბლოკის კონსენსუსის შედეგად, გახანგრძლივდება. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
უნგრეთი სანქციების გახანგრძლივებას 14 მარტს, ვადის გასვლიდან 48 საათზე ნაკლებით ადრე დათანხმდა.
2022 წლიდან რუსეთზე დაწესებული სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ ახლდება, რისთვისაც ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი წევრის უარიც კი საკმარისია, რომ სანქციები არ გახანგრძლივდეს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, უნგრეთმა რამდენჯერმე თქვა უარი ვეტოს მოხსნაზე, თუმცა პარასკევს რამდენიმე მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ დათანხმდა.
Euronews-ის ინფორმაციით, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების სანაცვლოდ, ბუდაპეშტმა სანქცირებული ფიზიკური პირების სიიდან რამდენიმე სახელის ამოღება მოითხოვა. დახურულ კარს მიღმა ინტენსიური დისკუსიების შემდგომ, კომპრომისი მიღწეულ იქნა. სანქციების გახანგრძლივების სანაცვლოდ შეზღუდვები მოეხსნა რუსეთის 4 მოქალაქეს:
- ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის და, გულბანორ ისმაილოვა;
- ოლიგარქი ვიაჩესლავ მოშე კანტორი;
- რუსეთის სპორტის მინისტრი, მიხაილ დეგტიარიოვი
- ბიზნესმენი ვლადიმირ რაშევსკი.
ამასთან, Euronews-ის ინფორმაციით, სანქცირებული პირების სიიდან ამოღებულ იქნა 3 ინდივიდი, რომლებიც გარდაცვლილები არიან.
"ისინი აზრზე მოვიდნენ, როგორც ვხვდები. მათ გააანალიზეს, რომ პუტინის მხარეს დგომა საუკეთესო არჩევანი არ არის". - უთხრა გამოცემას უნგრეთის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა.