რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: რუსეთისთვის უკრაინის საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთვის გრენლანდია

Achmad Ibrahim/AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის უსაფრთხოებისთვის უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთვის გრენლანდიის საკითხი.

"დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო, რაც რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნიდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ 20 იანვრის შემდეგ შექმნილ ამ ახალ გარემოებებში, უკრაინის მნიშვნელობა რუსეთის უსაფრთხოებისთვის მრავალჯერ აღემატება გრენლანდიის მნიშვნელობას აშშ-სთვის". - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, კონფლიქტის მოსაგვარებლად თავდაპირველი მიზეზებზე უნდა კონცენტრირდნენ.

"რუსული ენის განადგურება, მედიის, კულტურის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა,  ჟურნალისტების მკვლელობა და გაუჩინარება, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხედრო დანაშაულებზე, ომის დანაშაულებზე დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ ბლოგერებთან ინტერვიუში.

ინტერვიუში ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ევროპელი სამშვიდობო ძალების გაგზავნა არ არის ის, რაც, რუსეთის აზრით, ომის დასასრულებლად არის საჭირო.

"ყველაზე მეტად მაოცებს სამშვიდობო ძალების აკვიატებული იდეა. მაკრონი ამბობს: ერთ თვეში მათ განვათავსებთ. ეს არ არის ის, რაც, ჩვენი აზრით, აუცილებელია ამ ომის დასასრულებლად. ეს ომი დასავლეთმა ჩვენ წინააღმდეგ წამოიწყო, უკრაინელების მეშვეობით და მათი სამხედრო ძალების პირდაპირი ჩარევით. ჩვენ ეს ვიცით". - განაცხადა ლავროვმა.

"იმის მიხედვით, თუ როგორ მიიღეს ზელენსკი ლონდონში 28 თებერვლის ვაშინგტონის სკანდალის შემდეგ, ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ზეწოლას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე, რათა აიძულონ აგრესიული მოქმედებებისკენ რუსეთის წინააღმდეგ." - თქვა მან.

კომენტარები