რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპის თქმით, ზელენესკის თეთრ სახლში ხელახლა ეპატიჟება

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი
Julia Demaree Nikhinson | Credit: AP

საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების წარმატებულად დასრულების ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ხელახლა არის დაპატიჟებული. 

ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.

"დიახ, აბსოლუტურად". - თქვა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დაპატიჟებულია თუ არა ზელენსკი თეთრ სახლში. 

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდა და ოვალურ ოფისში წინა ვიზიტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

"ვფიქრობ, დიდი სხვაობა იყო ოვალურ ოფისში წინა ვიზიტთან შედარებით, რომელიც იხილეთ". - თქვა ტრამპმა. 

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ გამოთქვა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნა, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.

"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ს წინადადება, რომ ამოქმედდეს დაუყოვნებელი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება მხარეთა ურთიერთთანხმობის შედეგად და რომელიც მიღებული იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ საპასუხო ამოქმედების შემთხვევაში." - ნათქვამია დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში და დამატებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე რუსეთთან კომუნიკაცია აშშ-ს ექნება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სამხედრო ტყვეების გაცვლის, დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა. დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ განსაზღვრონ თავიანთი მოლაპარაკებების ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.

ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები "შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებაზე, რათა გააძლიერონ ქვეყნის ეკონომიკა და უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება". 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშვიდობო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ევროპელი პარტნიორებიც.

ასევე აღნიშნულია, რომ აშშ აუქმებს სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაზე დაწესებულ პაუზას უკრაინასთან.

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების სტრუქტურა განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიება ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

კომენტარები