დონეცკის ოლქში მდებარე დობროპოლიეზე რუსულ იერიშს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
"დღეს, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები დონეცკის ოლქის დობროპოლიეში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, კომბინირებული იერიში. დარტყმა გათვლილი იყო ისე, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიეყენებინა. რაკეტები, ასევე შაჰედები ქალაქის ცენტრში. იერიშის ქვეშ მოყვა 9 საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები.
სამწუხაროდ, 11 ადამიანი დაიღუპა. ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას. დაღუპულთა შორის არის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი. განმეორებით იერიში სამაშველო სამუშაოების დაწყების დროს მოხდა.
დაჭრილია 50 ადამიანი, დაჭრილთა შორის არის 7 ბავშვი, ყველა პატარა 10 წლის გოგონაა". – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "რუსეთი არა ომის დასრულებაზე, არამედ რაც შეიძლება მეტის დაპყრობასა და განადგურებაზე ფიქრობს, სანამ სამყარო ამის უფლებას აძლევს".
დობროპოლიეზე იერიშს ასევე გამოეხმაურნენ პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დიპლომატებს და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთაც "დაგმეს რუსული იერიში უკრაინაზე და ყველაფერს საკუთარი სახელი უწოდეს".





